ბითაძეს მხოლოდ მოხსნები ჰქონდა | ორლანდომ დონჩიჩისა და ლებრონის ლეიკერსს მოუგო
ლუკა დონჩიჩისა და ლებრონ ჯეიმსის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. გამთენიისას, „ლეიკერსი“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ჩაგდებული მესამე მეოთხედის გამო, რომელიც 18:34 დათმო, 106:118 დამარცხდა.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი და 41 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს ორჯერ შეუტია, მაგრამ ვერც ერთი ორქულიანი ვერ გამოიყენა. გოგას ოთხი მოხსნა ჰქონდა (2 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა გაიფორმა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 32 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. პაოლო ბანკეროს 30 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ბითაძის კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი მატჩი 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. „ლეიკერსის“ მხრიდან ბრწყინვალე იყო დონჩიჩი - 32 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი. ლებრონ ჯეიმსმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, ოსტინ რივზმა 18 ქულა ჩაიწერა.
ამრიგად, ბითაძის „ორლანდომ“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა და 34 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 მარტს გამართავს და „შარლოტ ჰორნეთსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.