„ბოლომდე მწვრთნელის გადაწყვეტილება არ მგონია“ - ტუღუში ბითაძის შემცირებულ დროზე
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ შემადგენლობაში იმდენად შედეგიანად ჩაატარა, რომ ძნელად წარმოსადგენი იყო მისთვის სათამაშო დროის ისევ შემცირება, თუმცა ფაქტი სახეზეა - პაოლო ბანკეროს გამოჯანმრთელებისა და დაბრუნების შემდეგ, „მეჯიქის“ მთავარი მწვრთნელი ჯამალ მოსლი 25 წლის ქართველ ლეგიონერს მინიმალურ წუთებს აძლევს, რაც ბუნებრივია ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს უსამართლობის შეგრძნებას უჩენს.
ასეთივე აზრზეა ვეტერანი კალათბურთელი კოტე ტუღუში, რომელმაც მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი. „ქუთაისში“ ნაყოფიერი მოღვაწეობის პარალელურად, კოტე რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგას შესაძლებლობებს განსაკუთრებით კარგად იცნობს. Crystalsport-თან საუბრისას, ტუღუშმა ბითაძის ბოლოდროინდელი შემცირებული სათამაშო დროის შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს ტუღუში
გულწრფელად რომ გითხრათ, ვცდილობ ხანდახან სიღრმეებშიც ჩავიდე, მაგრამ ნამდვილად არ მესმის NBA-ში განვითარებული მოვლენები და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, თუ რატომ მოაკლდა გოგას სათამაშო დრო. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ბოლომდე მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაც არ მგონია და ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
მიუხედავად ყველაფრისა, გოგამ „ორლანდოს“ დატოვებაზე არ უნდა იფიქროს, რადგან მან საკუთარი სიძლიერე უკვე ყველას დაუმტკიცა და ადრე თუ გვიან, ასაკის მატებასთან ერთად, მისი პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება. თანაც, სულ მალე ევრობასკეტი ჩატარდება, სადაც დარწმუნებული ვარ, ის იმდენად მაღალ დონეზე იასპარეზებს, რომ არამხოლოდ ევროპულ, არამედ ამერიკული კალათბურთის სამყაროსაც აალაპარაკებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გოგას სანერვიულო არაფერი აქვს, არის ის, რომ ყველაზე რთული პერიოდი მან უკან მოიტოვა. NBA-ში თავიდან არის ურთულესი ფეხის მოკიდება და მან ეს დაბრკოლებებით აღსავსე გზა ბოლომდე გაიარა. ახლა ბითაძეს ყველა კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში ეჭვი აღარავის ეპარება.
„ორლანდოს“ შანსები? გუნდი პლეი ინის ზონაშია და ალბათ მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაქსიმუმი პლეი ოფის საგზურის მოპოვება იქნება. წარმოუდგენლად საინტერესო სეზონის ფინიში გველის, რადგან წელს ლიგაში ძალიან ბევრი ძლიერი კლუბია.
ცნობისათვის, NBA-ს წლევანდელ სეზონში გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში საშუალოდ 7.6 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2 ასისტს აგროვებს.