სანდრო იაშვილი
Aa
Aa

„მენტალურად საოცრად ძლიერია“ - სანდრო იაშვილი მიქაუტაძეს აფასებს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში სომხეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ ჩატარებული ორმატჩიანი დუელით და ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ამ ფორმაციის გუნდის ასპარეზობით აღფრთოვანებას ასევე ვერ მალავენ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და მათ რიგებს განეკუთვნება სანდრო იაშვილიც - თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა Crystalsport-თან საუბარში სომხებთან გამართული თამაშები შეაფასა და მისი ამპლუიდან გამომდინარე, ბუნებრივია ცალკე ვთხოვეთ გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე ასპარეზობაზე კომენტარის გაკეთება.

სანდრო იაშვილი

სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - გიორგი არის თავდამსხმელი, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. უბრალოდ მას პოზიცია არ უნდა შეუცვალო და ათამაშო იმ 15-20 მეტრის სიახლოვის რადიუსში, სადაც მეტოქე გუნდისთვის ის ძალიან საშიშია. 

შეიძლება ახლა ბევრს ის პერიოდი აღარც ახსოვდეს, მაგრამ მე თავდამსხმელი ვიყავი და ვიცი, რამდენად რთულია, როდესაც ისეთი წარუმატებელი ეტაპი გაქვს კარიერაში, როგორიც მან „აიაქსში“ გაიარა. ბევრი მის ადგილას ფარ-ხმალს დაყრიდა, თუმცა მიქაუტაძე დაგვიბრუნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მენტალურად საოცრად ძლიერი პიროვნებაა.

ბევრი თვლის, რომ ბუდუ ზივზივაძე იჩაგრება, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ და ჩვენს წინაშე ასეთი მოცემულობაა - ბუდუ უფრო კარისკენ დაგეშილი ტარანის ტიპის ფორვარდია, სანიოლის ტაქტიკაში კი საჭიროა ისეთი მოძრავი და სწრაფი თავდამსხმელი, როგორიც მიქაუტაძეა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ნაკრების ასპარეზობას, რა უნდა ვთქვა? უბრალოდ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ერთმანეთთან შერწყმული გუნდურობა და ინდივიდუალიზმი. ბევრი გამოყოფდა შეტევის ხაზის კარგ თამაშს, მაგრამ ნახევარდაცვა და დაცვაც არანაკლებ კომპაქტურად გამოიყურებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო საბა გოგლიჩიძე, რომელიც ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში ვართ, მაგრამ ამ გუნდის მჯერა და იმისაც მჯერა, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში გამოსვლას 4 სექტემბერს დაიწყებს, როდესაც „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე