„ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს“ | A bola ქოჩორაშვილის ყოფილ თანაგუნდელს ესაუბრა
მარკ ბარო გიორგი ქოჩორაშვილის ყოფილი თანაგუნდელია და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან ერთად, „ჟირონას“ სარეზერვო გუნდში, „პერალადაში“ ასპარეზობდა. ამჟამად, ბარო პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე „ლეირიას“ ღირსებას იცავს და ავტორიტეტულმა Abola-მ ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც „ქოჩოზეც“ ჰკითხა.
„გიორგის პერალადაში შევხვდი და იქ დავმეგობრდით. მას, როგორც რვა ისე ათ ნომერზე შეუძლია თამაში, მაგრამ მისი საუკეთესო პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია. მართალია, მაღალი არაა, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ბევრს დარბის. მატჩში საშუალოდ 11-12 კილომეტრს ფარავს. ამასთან, დისციპლინით გამოირჩევა და საკუთარ ორგანიზმზე ნამდვილი პროფესიონალივით ზრუნავს.
ქოჩორაშვილს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. მას უყვარს, როცა ბურთი აქვს და Box to Box ნახევარმცველია. ორთაბრძოლებში აგრესიულია და ბურთს ხშირად იბრუნებს. ის არის ფეხბურთელი, რომლის გუნდში ყოლასაც ყველა მთავარი მწვრთნელი ისურვებდა. ფეხით კარგად თამაშობს, ხარისხით გამოირჩევა, მეტოქის საჯარიმოში ხშირად შედის და ბევრს მუშაობს.
ქოჩორაშვილი ძალიან კონკურენტუნარიანია. თუ ლევანტესნაირ კლუბში უაღრესად კონკურენტუნარიანია, წარმოიდგინეთ, ტიტულებისთვის მებრძოლ და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბში რას იზამს. ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს და ადაპტაციას სწრაფად გადის. მისი ხასიათი და პიროვნული თვისებები ყოველთვის წინა პლანზეა წამოწეული. თუ მისი სპორტინგში ტრანსფერი დადასტურდა და იმედი მაქვს, ასე მოხდება, გუნდს გააძლიერებს“.
ცნობისთვის, სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის თქმით, ქოჩორაშვილის გადაბირებით „ნაპოლიც“ ინტერესდება. კონური აღნიშნავს, რომ „პარტენოპეი“ და „სპორტინგი“ მზად არიან, მის სანაცვლოდ 7-10 მილიონი ევრო გაიღონ.