ნაპოლი ან სპორტინგი? სატრანსფერო ექსპერტი ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე
სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „ნაპოლი’’ და ლისაბონის „სპორტინგი’’ გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ „ლევანტესთვის’’ 7-10 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავენ.
ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემა Record-მა გასულ ზამთარში დაწერა, რომ სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში’’ გააგრძელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამ ტრანსფერს ხელს ვერც უგო ვიანას „მან. სიტიში’’ გადასვლა შეუშლის. 42 წლის საფეხბურთო ფუნქციონერი „სპორტინგის'' საფეხბურთო დირექტორი იყო და ახლა მუშაობას „ქალაქელებში'' აგრძელებს, „სპორტინგში'' ბერნარდუ პალმეირუმ შეცვალა. Record-ის ცნობით, აღნიშნული საკადრო ცვლილება ქოჩორაშვილის ტრანსფერზე გავლენას ვერ მოახდენს.
Record-ის ცნობით, „სპორტინგი’’ ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდის (5,5 ფიქსირებული, 1,5 ბონუსები), თუმცა ვალენსიურ კლუბს სურს, რომ თანხა შემდეგი ტრანსფერიდანაც მიიღოს.
ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე თურქული Fotomac-იც წერს, „ტრაბზონის'' ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თექე „ლევანტეს“ ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად ესპანეთში ჩასვლას უახლოეს დღეებში გეგმავს.
მოკლედ, დიდი ალბათობით სეზონის შემდეგ ქოჩორაშვილი კლუბს შეიცვლის და გაცილებით მაღალი დონის გუნდში ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ 32 ტურის შემდეგ „ლევანტე'' ლა ლიგა 2-ში პირველზეა და ელიტაში დაბრუნების ბრწინვალე შანსი აქვს, ქოჩორაშვილის ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რეალურია, რადგან ვალენსიური კლუბი მისი სარფიანად გაყიდვის წინააღმდეგი არაა.
25 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.