საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე, მიკელ ოიარსაბალი, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ფურია როხამ ნიდერლანდებს პენალტებში მოუგო - მსოფლიოს შესარჩევზე ისევ ესპანეთს შევხვდებით

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ესპანეთის ნაკრებმა „მესტალიაზე“ ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთის კართან საგოლე მომენტები მრავლად შექმნეს. სათამაშო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა და „ფურია როხა“ მეტოქეს სამჯერ ამარცხებდა, თუმცა ნიდერლანდელებმა სამივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა.

ესპანეთმა ანგარიში მე-8 წუთზე, ოიარსაბალის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი გულშემატკივარმა სამი გოლი იხილა.

54-ე წუთზე ნიდერლანდებმა მემფის დეპაის გოლით წონასწორობა აღადგინა. მემფისმა მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. 67-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა სტუმართა კარში დუბლი შეასრულა და ესპანეთი კიდევ ერთხელ დააწინაურა. 79-ე წუთზე კი მაატსენმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და შედეგად, ორი ექსტრა ტაიმი დაინიშნა.

პირველი დამატებული ტაიმის მიწურულს ესპანეთმა კიდევ ერთხელ შეძლო წინ გასვლა, თავი ამჯერად ლამინ იამალმა გამოიჩინა, მეორე დამატებული ტაიმის დებიუტში კი ხავი სიმონსმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა.


საბოლოოდ, პენალტების სერიაში უფრო ძლიერი ესპანეთის ნაკრები აღმოჩნდა და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვისაც, რადგან წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქე უნდა ყოფილიყო და როგორც გაირკვა, შემოდგომაზე თურქეთისა და ბულგარეთის გარდა ჩვენი მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები