„უმაღლესი დონის გუნდი გვყავს“ - სირაძე ნაკრების თამაშს აფასებს
ორი მატჩის ჯამში სომხეთის ნაკრების (9:1) დამარცხებამ საქართველოს ეროვნულ გუნდს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება გაუნაღდა. შესაბამისად, ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელები 2026-2027 წლების გათამაშებაში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას სწორედ ამ ლიგიდან შეეცდებიან.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშით მოხიბლულია ვეტერანი ფორვარდი დავით სირაძე, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში როგორც უშუალოდ ნაკრების, ასევე მისი ამპლუის ფეხბურთელების გამოსვლა შეაფასა.
დავით სირაძე
„არ მომერიდება ამის თქმა - საქართველოს ნაკრები უმაღლესი დონის გუნდად იქცა, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ დადებითი შედეგის ჩვენება შეუძლია. ფეხბურთელები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ სომხები უშანსოდ დამარცხდნენ.
გიორგი მიქაუტაძეზე ადრეც ვთქვი, რომ „ლიონში“ მისი უგოლო სერია სრული შემთხვევითობა გახლდათ და ერთი ბურთი მის უიღბლობას საბოლოოდ დაასრულებდა. ასეც მოხდა და გიორგი ახლა მსოფლიოს გამორჩეულ ფორვარდებში შედის - ის განსაკუთრებით კარგია დამაგვირგვინებელ ფაზაში და არაფრისგან შეუძლია გოლის შექმნა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ მის გადასვლას მივესალმები. როგორც თავად განაცხადა, ახლა ძალიან ბედნიერია და ეს მის თამაშშიც იგრძნობა. იმედი მაქვს, რომ ხვიჩა დედაქალაქურ გრანდთან ერთად უამრავ ტიტულს მოიგებს, ხოლო ლუის ენრიკეს კლასის მწვრთნელის ხელმძღვანელობით ასპარეზობა მას კიდევ უფრო მეტად განავითარებს.
საკლუბო დონეზე დავით სირაძეს თბილისის „ლოკომოტივში“, „უნიონ ბერლინში“, ტრირის „აინტრახტში“, „აუეში“, „პადერბორნში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, ბოლნისის „სიონსა“ და ჩიზინაუს „დაჩიაში“ უამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2004-2011 წლებში გამართულ 28 შეხვედრაში 8 ბურთი გაიტანა.