ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„დინამო არენაზე საერთოდ სხვანაირად ვთამაშობთ“ - ბუდუს და კიტეიშვილის კომენტარები

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კიტეიშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს და დინამო არენაზე დაბრუნებით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრეს.

ბუდუ ზივზივაძე:

„შარშანდელი გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა და ის ემოციები კვლავ მოგვყვება ფეხბურთელებს. ყოველდღე შეგვიძლია იმ კადრების ნახვა... ვნახოთ რა ხდებოდა მაშინ საქართველოში და როგორი ბედნიერი იყო ყველა. დღეს იმ თამაშის შემდეგ დინამო არენაზე პირველად ვითამაშეთ და რამდენჯერმე ვთქვი, რომ დინამო არენა ემოციურად ნაკრებს ეკუთვნის და დღესაც გამოჩნდა, რომ ამ სტადიონზე საერთოდ სხვანაირად ვთამაშობთ. სავსე დინამო არენაზე როგორც ადრე, ახლაც დამაჯერებლად მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ და აქ თამაში ემოციურად ყოველთვის განსაკუთრებულია. ის გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე იყო მოსული, კვლავ განსაკუთრებულად დაგვეხმარა“.

ოთარ კიტეიშვილი:

„დინამო არენა ჩვენთვის განსაკუთრებული სტადიონია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამ სტადიონზე თამაშისას განსხვავებული ემოციები გვაქვს. პირადად მე, ასეთ სიამოვნებას არც ერთ სტადიონზე თამაშისას არ ვიღებ. ძალიან მაგარი გრძნობაა. რა თქმა უნდა, ჩემი დუბლიც გამიხარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის კარგი თამაში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, რაც პირველივე წუთებიდან ძალიან მაღალ დონეზე მოვახერხეთ და გვიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგი და კარგი თამაში ვაჩვენეთ“.

სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, სომხეთის ნაკრები კი C დივიზიონში დარჩება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბასთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე“ - კაშიას და გოგლიჩიძის კომენტარები
„საბასთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე“ - კაშიას და გოგლიჩიძის კომენტარები