„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე
საკლუბო ფეხბურთში გაბრწყინებას გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში ფეერიული ასპარეზობაც თან დაურთო. სომხეთის ნაკრებთან გამართულ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის ორ მატჩში 24 წლის ფორვარდმა საერთო ჯამში ოთხი ბურთი გაიტანა და როგორც ერევანში, ასევე თბილისში დუბლი შეასრულა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიხეილ აშვეთიამ როგორც მიქაუტაძის, ასევე მთლიანად საქართველოს ნაკრების თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.
რას ამბობს აშვეთია
გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნება. პირადად ჩემი აზრია, რომ მან ასე თუ განაგრძო, წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ „ლიონში“ აღარავინ გააჩერებს და თამაშს ტოპ-კლუბში განაგრძობს.
რაც შეეხება ნაკრებს, ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლამ აშკარად გაამართლა და ამაში ხელი ვილი სანიოლს საბა გოგლიჩიძემაც შეუწყო, რომელიც მთავარ მწვრთნელს გაცემული ავანსები ასი პროცენტით გაუმართლა.
ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს არამხოლოდ კონტრშეტევებზე, არამედ პირველ ნომრადაც კარგად შეუძლია თამაში. არ არის სომხეთის ნაკრები ისეთი დონის გუნდი, რომ ჩვენი კარგი თამაში მათ ცუდ ასპარეზობას დავაბრალოთ. ეს ყველაფერი სწორი მუშაობისა და კარგად შერჩეული ტაქტიკის დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ აშვეთია საქართველოს ნაკრებში 1998-2005 წლებში თამაშობდა და 24 შეხვედრაში, საიდანაც 13 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, თავი 5 გოლით გამოიჩინა.