„ჩაკვეტაძე კიდევ მოუმატებს“ - კაჭარავა ნაკრების თამაშზე
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში როგორც ერევანში, ასევე თბილისში სომხეთის ნაკრებთან უმაღლესი დონის თამაში აჩვენა, მეტოქე ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი სრულიად დამსახურებულად შეინარჩუნა, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოხვედრის შანსებს უზრდის.
დღეს გამართულ შეხვედრაში ერთი და ძალიან ლამაზი ბურთი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე, რომლის ასპარეზობაზეც ყველაზე სწორი შეფასება უდავოდ კახა კაჭარავას ექნება, რადგან ეს სპეციალისტი გიორგის ახალგაზრდულ ასაკში თბილისის „დინამოში“ წვრთნიდა. კაჭარავამ Crystalsport-თან საქართველო-სომხეთის ორმატჩიან დუელზე მოკლე, მაგრამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს კაჭარავა
გიორგის შესაძლებლობებს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. მიხარია, რომ ის დაბრუნდა და მინდორზე ძველებურ ჩაკვეს ვხედავთ, მაგრამ მერწმუნეთ - ეს მისი საუკეთესო ვერსია არ არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად მოუმატებს, რითაც მოგებული ისევ და ისევ საქართველოს ნაკრები და ქართული ფეხბურთი დარჩება.
ვერც ერთ რგოლსა თუ ფეხბურთელს განსაკუთრებულად ვერ გამოვარჩევ. სომხებთან როგორც სტუმრად, ასევე თბილისში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ითამაშა აგრესიულად და დისციპლინირებულად, რითაც მეტოქეს მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვა.
ცნობისათვის, დღეს თავის გამოჩენის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში კალათბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ერთვარი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა - 37 შეხვედრაში მის ანგარიშზე 10 გოლი და 10 საგოლე პასია.