„გუნდის თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე“ - მამარდაშვილი სომხეთთან მატჩზე
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრა შეაჯამა.
რა თქვა მამარდამ:
„ვერ ვიტყვი, რომ რთული თამაში გამოვიდა, რადგან მარტივად გავიმარჯვეთ. B დივიზიონში აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავით, რადგან აქ უფრო კონკურენტუნარიანი მეტოქეები გვყავს და ფეხბურთელებიც უფრო გავიზრდებით“.
„ვფიქრობ, სომხეთის ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე არ იყო და უკეთესად თამაში შეეძლო. ჩვენ პირიქით, კარგად ვიყავით შეთამაშებულები და როდესაც ბიჭების თამაშს უკნიდან ვუყურებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ“.
„ჩემი მდგომარეობა? ვფიქრობ, კარგად ვარ. ვალენსიაში ბევრი ფაქტორია, გუნდში ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ენერგია მაქვს იმისთვის, რომ ეს სეზონი ჩავამთავრო, შემდეგ დავისვენებ და ახალ სეზონს ახალი შემართებით დავიწყებ“.
სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, სომხეთის ნაკრები კი C დივიზიონში დარჩება.
ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.