გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„საბასთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე“ - კაშიას და გოგლიჩიძის კომენტარები

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და მცველმა, საბა გოგლიჩიძემ განვლილი მატჩი შეაფასეს.

საბა გოგლიჩიძე:

„საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა, ბედნიერი ვარ, რადგან ორივე თამაშში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ პირველი თამაშის შემდეგ ტემპი არ დავაგდეთ, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, რადგან როდესაც დიდი ანგარიშით იგებ, ფეხბურთში ხდება ხოლმე, რომ საქმეს სერიოზულად აღარ უდგები, ეს კი ჩვენს ნაკრებში არ მოხდა. სამწუხაროა, გული დამწყდა, რომ ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ ორ თამაშში 9 გოლი გავიტანეთ. არ ვთვლი, რომ სომხეთის ნაკრები სუსტია. გასაგებია, რომ ამის თქმის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორ თამაშში საქართველოს ნაკრები იყო ძალიან ძლიერი და კონცენტრირებული. სწორედ ამან გამოიწვია ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის, ეს ნაკრებში პირველი ორი თამაში იყო და მადლობა ბიჭებს, გულშემატკივრებს და მწვრთნელებს გვერდში დგომისთვის. თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი. მადლობა ამ ყველაფრისთვის“.

„დინამო არენაზე ნაკრებთან ერთად პირველად ვითამაშე და ნამდვილად საოცარი გრძნობაა. იტალიაში არის იმის ფუფუნება, რომ სტადიონები ყველა თამაშში ივსება, მაგრამ რაც დღეს საქართველოში ვნახე, იტალიაში მსგავსი რამ არ მინახავს. ასე უნდა გავაგრძელოთ და აუცილებლად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ“.

„კაშიასთან ერთად წყვილში თამაში ძალიან მაგარი შეგრძნებაა. გინდა, არ გინდა სულ ინფორმირებული ხარ, სულ რაღაცას გეუბნება, სწორ ინფორმაციას გაძლევს, სწორ პოზიციას არჩევ და კაპიტანს გვერდში დგომისთვის მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, დაცვაში სოლიდურად ვიდექით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

გურამ კაშია:

„პირველ ტაიმში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, განსაკუთრებით წინა ხაზში, რამდენი მომენტიც შევქმენით, ყველა გოლი გავიტანეთ. ალბათ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ვითამაშეთ, რაც კი მე და ჩვენს ნაკრებს გვითამაშია. არ ვიცი, ჩვენ ვითამაშეთ კარგად თუ მეტოქემ სუსტად, მაგრამ პირადად მე პირველი ტაიმისგან ასეთი სიამოვნება ჯერ არ მიგვიღია“.

„საბა გოგლიჩიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდი დანამატია. ძალიან ძლიერი თვისებები აქვს - სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი... ჯერ ახალგაზრდაა და მისი სახით, საქართველოს ნაკრებმა ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი შეიძინა. დღევანდელ შეხვედრაში მასთან ერთად თამაშით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება“.

 სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, სომხეთის ნაკრები კი C დივიზიონში დარჩება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„B დივიზიონში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო“ - სანიოლი სომხეთთან მატჩის შემდეგ
„B დივიზიონში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო“ - სანიოლი სომხეთთან მატჩის შემდეგ