ჯონ ვანტ სხიპი
Aa
Aa

„სომეხ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ვანტ სხიპი საქართველოსთან მარცხის შემდეგ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა განვლილი მატჩი შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ვანტ სხიპმა:

თუ მეცოდინებოდა, რომ შეხვედრას ასე დავიწყებდით, მაშინ თავიდანვე თერთმეტივე ფეხბურთელს შევცვლიდი. სამი წუთის შემდეგ უკვე 1:0 იყო, საქართველო კი ბრწყინვალე თავდაჯერებით თამაშობდა. პირველი სამი გოლის ეპიზოდში საკმაოდ არაპროფესიონალურად მოვიქეცით. ბურთს ისეთ ადგილებში ვკარგავდით, სადაც არ უნდა დაგვეკარგა. საკმაოდ რთული ამოცანა იყო თამაშში დაბრუნება, ყველა შოკირებული იყო და რეაგირება არ შეეძლოთ. პირველ რიგში, მინდა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, რადგან ეს ყველასთვის მიუღებელი შედეგია.

მიქაუტაძის შესახებ ჩემს რამდენიმე დღის წინანდელ პასუხს გავიმეორებ. როდესაც ის აიაქსში იყო, მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ის გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებდა, შემდეგ კი რაც მოხდა, ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მას წასვლა უნდოდა და საბოლოოდ, ასეც მოხდა. როდესაც მე აიაქსში დავინიშნე, სხვანაირ ფორმაში იყო. ასევე, კლუბშიც რთული ფინანსური მდგომარეობა იყო და მისი გაყიდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მე არასდროს მითქვამს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია, პირიქით, ძალიან ნიჭიერია. მე მასთან ერთად მხოლოდ 4 კვირა ვიმუშავე და მისი გაცნობა კარგად ვერც მოვასწარი. საბოლოოდ, ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

პირველ ტაიმში სამი შეცვლა იმიტომ გავაკეთე, რომ 4:0-ს ვაგებდით. რაღაც არასწორად მიდიოდა და გვინდოდა, რაღაც ცვლილებები შეგვეტანა. რომ შემძლებოდა, მთელ გუნდს შევცვლიდი. გადავწყვიტე ნახევარმცველი შემეცვალა, რადგან ვინც შემოვიდოდა, უფრო მობილიზებული ყოფილიყო. სისულელე იქნება იმის თქმა, რომ ცვლილებები გამართლებული იყო, რადგან 6:1 წავაგეთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებმა მცირედი გავლენა მაინც იქონია.

სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, სომხეთის ნაკრები კი C დივიზიონში დარჩება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები