„დედაჩემს შევპირდი, რომ მის გამო გავიტანდი“ - მიქაუტაძე სომხეთთან მატჩზე
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა.
გამორჩეული სანაკრებო პაუზა ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 2 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბომბარდირმა“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ემოციები „პირველ არხს“ გაუზიარა.
რა თქვა მიქაუტაძემ:
დიახ, ეს გოლი დედაჩემს მივუძღვენი, დღეს მისი დაბადების დღეა. ვუთხარი, რომ მისთვის გავიტანდი და მაისურზე პატარა მესიჯი დავიწერე. დინამო არენაზე დაბრუნება ემოციური იყო. ვიცოდი ის თამაში, რომელიც ბოლოს აქ დამთავრდა, მაშინ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით და მოგვიგეს. დღეს კი დავბრუნდით, 6:1 მოვიგეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხი სტადიონიდან ბედნიერი წასულიყო. კარგი შეკრება იყო, როდესაც ჩამოვდივარ, ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო, კლუბშიც იმავეს ვცდილობ.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ეროვნულ გუნდში 20 გოლი დაუგროვდა და ისტორიაში მეორე საუკეთესო გოლეადორია. პირველადგილოსან შოთა არველაძეს მიქაუტაძე 6 გოლით ჩამორჩება.
სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.
ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.