ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

გოლების წვიმა დინამო არენაზე - საქართველომ სომხეთი გაანადგურა

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. ვილი სანიოლის გუნდს სომხეთში გამართული პირველი მატჩი 0:3 ჰქონდა მოგებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ B ლიგის საგზურიც პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბრწყინვალე სანახაობა აჩუქეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან მომენტი მრავლად შექმნა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში, მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, რომელმაც წიტაიშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა, თუმცა, რიკოშეტის გამო გოლი სომხეთის მცველს, ჰაროიანს ჩაწერა.

მე-14 წუთზე თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მალევე, მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა, რის შემდეგაც ანგარიში 3:0 გახდა.

27-ე წუთზე კიტეიშვილმა მაინც შეძლო სტატისტიკაში გოლის მიწერა. ქართველმა ნახევარმცველმა კვარაცხელიას პასი ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ოთხბურთამდე გაზარდა.

პირველ ნახევარში სომხების განადგურებას წერტილი გიორგი მიქაუტაძემ დაუსვა, რომელმაც 35-ე წუთზე მეტოქე ფეხბურთელების შეცდომით კარგად ისარგებლა და ბრწყინვალე შესრულებით ანგარიში 5:0 გახადა.

მეორე ნახევარში გულშემატკივრებმა კიდევ ორი გოლი იხილეს, აქედან 1 სომხების, ერთი კი ქართველების შესრულებით. 48-ე წუთზე სევიკიანმა ორმატჩიან დუელში პრესტიჟის გოლი გაიტანა.

საბოლოო ანგარიში კი 63-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა - 6:1.

საგულისხმოა რამდენიმე გარემოება. გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურით მე-10 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე კი 10 საგოლე გადაცემაცაა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისურით ამ სტატისტიკას უწია. ასევე, გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელი დუბლით ეროვნულ გუნდში 20 გოლი დააგროვა და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩვენს ნაკრებში 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. აქამდე მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ შოთა არველაძეს ჰქონდა, რომელიც 26 გოლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო გოლეადორია. ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-18 გოლი გაიტანა და თემურ ქეცბაიას გადაასწრო, რომელსაც 17 გოლი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში სომხეთი 9:1 დაამარცხა და შესაბამისად, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში კვლავ B ლიგაში იქნება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები