ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა | ატლანტა ცინცინატის დაუზავდა
MLS-ის მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების გარემარბი საბა ლობჟანიძე იცავს, „ცინცინატის“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში სტუმრებმა 50-ე წუთზე გახსნეს, როცა საბა ლობჟანიძის პასის შემდეგ თავი ემანუელ ლატე ლატმა გამოიჩინა.
ამის შემდეგ „ცინცინატიმ“ 5 წუთში მატჩი შემოატრიალა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინ გავიდა - დუბლი ბრაზილიელმა შემტევმა, ევანდერმა გაიფორმა. თუმცა „ატლანტამ“ მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო: 88-ე წუთზე საბა ლობჟანიძის გადაცემა საკუთარ კარში „ცინცინატის“ მცველმა ალვას პაუელმა ჩაჭრა.
ლობჟანიძემ Sofascore-ისგან 7,6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 40 შეხება ბურთთან, 25-დან 19 ზუსტი პასი (76%), 1 საგოლე პასი, 3 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 არაზუსტი გრძელი პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 გაცუდებული საგოლე მომენტი, დრიბლინგის 1 წარუმატებელი მცდელობა და 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. საბამ 10-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ მოხვდა თამაშგარეში და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
5 მატჩის შემდეგ „ატლანტა“ 5 ქულით სატურნირო ცხრილის მე-20 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლობჟანიძის გუნდი 30 მარტს შინ „ნიუ-იორკ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.