ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი| საქართველომ სლოვაკეთი დაამარცხა (U19)
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გიორგი ნიკოლაიშვილისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის გოლებით სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.
ნიკოლაიშვილის როლი გამარჯვებაში ძალიან დიდია. პირველ ტაიმში გუნდი გოლისგან იხსნა, მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა. მატჩის მიწურულს ცვლილებაზე ნიკოლოზ ჩიქოვანი გამოვიდა და ბრწყინვალე დრიბლინგით შესანიშნავი გოლი გაიტანა.
პოლონეთთან ძალიან ცუდი თამაშის შემდეგ ლაშა ფირცხალაიშვილმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს საბა სამუშია, მათე საური, გიორგი გვასალია და გიორგი მეფარიშვილი ვერ დაეხმარნენ. პირველი მატჩისგან განსხვავებით სასტარტოში ლუკა ხელაშვილი, გიორგი გოგსაძე, ამირან ტყეშელაშვილი და ლევან ნაჭყებია მოხვდნენ. ასევე, გუნდს დისკვალიფიცირებული ვახო სალია დაუბრუნდა, რომელმაც პოლონეთთან მატჩს ტრიბუნიდან უყურა.
44-ე წუთზე ლევან ნაჭყებიას პასით ვახო სალია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარისკენ არაზუსტად დაარტყა. გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
67-ე წუთზე საბა ხარებაშვილის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ნიკოლაიშვილმა ანგარიში გახსნა. 90-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
2 ტურის შემდეგ მონტენეგრო 4 ქულით ლიდერია, პოლონეთისა და საქართველოს აქტივში 3-3 ქულაა, სლოვაკეთი 1 ქულით აუტსაიდერია. მესამე ტურში საქართველო მოტენეგროს შეხვდება, სლოვაკეთი - პოლონეთს.
საქართველო-მონტენეგრო 25 მარტს, მიხეილ მესხი 2-ზე 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გასული გუნდი ითამაშებს. ასე რომ მონტენეგროსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტია.