„ლივერპულში მივდივარ, რათა პირველი ნომერი ვიყო“ - მამარდაშვილი
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ენფილდზე“ პირველი მეკარის პოზიციისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ესპანური Marca წერს.
რას ამბობს მამარდა:
„ლივერპულში“ მივდივარ, რათა პირველი ნომერი ვიყო და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოლო. ვარჯიშებზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ, შემდეგ კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვინ ითამაშებს და ვინ იქნება სკამზე, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა“.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ მამარდა „ვალენსიიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით იჯარით ისევ „მესტალიაზე“ დატოვა.
ამასთანავე, „ლივერპულის“ მთავარი მეკარე, ალისონ ბეკერი კარგ სეზონს ატარებს და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის „ლივერპულში“ მომდევნო სეზონში. გარდა ამისა, ტრავმირებული ალისონი რამდენიმე მატჩში წარმატებულად შეცვალა კაოიმჰინ კელეჰერმა, რომელსაც პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი იწვევს და, დიდი ალბათობით, ამ სამი მეკარიდან ერთ-ერთი გუნდს აუცილებლად დატოვებს.