„ჩემპიონობა მინდა, ილიასთან ჩხუბი არ მაინტერესებს“ - ჩარლზ ოლივეირა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ილია თოფურიასთან ჩხუბი არ აინტერესებს. ამის შესახებ „დუ ბრონქსმა“ ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ჩარლზ ოლივეირა:
„ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ მე ჩემპიონის ტიტულს ვუმიზნებ, ჩემპიონი კი დღეს ისლამ მახაჩევია. თოფურია ძალიან ძლიერი მებრძოლია, რომელმაც მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა, მაგრამ ამ დროისთვის მასთან ჩხუბი არ მაინტერესებს. საჩემპიონო ქამარი მინდა, ამიტომ მახაჩევს უნდა ვეჩხუბო, რათა დავამარცხო და კიდევ ერთხელ გავხდე ჩემპიონი“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ ახალ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.