„აიაქსში მიქაუტაძისთვის პოზიციის გამოძებნა ვცადე და არ გამომივიდა - სომხების მწვრთნელი თამაშამდე
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის პირველ მატჩში დიდი სხვაობით დამარცხებული სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან'ტ სხიპის პრესკონფერენციაზე მთავარი სალაპარაკო თემა ისევ გიორგი მიქაუტაძე იყო. ნიდერლანდელ სპეციალისტს ერევანში შესრულებული დუბლით 24 წლის ქართველმა ფორვარდმა უკვე დაუმტკიცა, რომ „აიაქსში“ მას უსაფუძვლოდ არ ენდობოდა და დღესაც გიორგისთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
ჯონ ვან'ტ სხიპი
მიქაუტაძისთვის მაშინ საუკეთესო პერიოდი არ იყო და მის გარდა კიდევ ორი ფორვარდი მყავდა, რის გამოც ნახევარდაცვაში, ან თავდამსხმელების უკან ვათამაშებდი. მე „აიაქსი“ ოქტომბრის ბოლოს ჩავიბარე, როდესაც გიორგი ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. ვეცადე მისთვის ადგილი გამომეძებნა, მაგრამ ეს არ გამომივიდა და საფრანგეთში დაბრუნდა, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სინამდვილეში მიქაუტაძესთან არანაირი პრობლემა არ მქონია.
მთავარი მწვრთნელის რანგში სომხეთის ნაკრებში ეს ჩემი პირველი შეკრებაა და ვეცდებით ისეთი პროგრესი განვიცადოთ, როგორც ეს ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მოახერხა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის და კარგად უნდა მოვემზადოთ.
ერთმა ფეხბურთელმა ხვალინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომთხოვა, რაზეც ჩემგან უარი მიიღო და ნაკრები დატოვა. ასეთი ფაქტი ჩემთვის მიუღებელია და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - სომხეთის შეხვედრა ხვალ, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.