„დინამო არენა“ ძალიან მოგვენატრა“ - კვარაცხელია სომხებთან მატჩის წინ
სომხებთან გასამართ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც პირველი თამაში ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. ხვიჩა საპასუხო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია და ასეთი კომენტარი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია
ბატონ ვილი სანიოლს დავეთანხმები. „პარი სენ-ჟერმენში“ ბედნიერი ვარ - სადაც პატივს გცემენ, იქ ბედნიერი ხარ და ცდილობ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო. პარიზში ლუის ენრიკესგან ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ, მისი თითოეული დავალება ჩემს განვითარებას მოვახმარო.
რაც შეეხება ჰენრიხ მხითარიანს, როდესაც მას შევხვდი, მასთან სომხურ ფეხბურთზე არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხეთში ფეხბურთი ვითარდება.
„დინამო არენაზე“ თამაში მოგვენატრა, რადგან ეს სტადიონი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საბერძნეთთან გამართული იმ საოცარი მატჩის შემდეგ, აქ ხვალ პირველად ვითამაშებთ.
სომხებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს ცოტა ვეჩხუბე, რადგან გატანილი გოლებით გამისწრო (იცინის). თუმცა, ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, რადგან ორივე ყველაფერს ეროვნული ნაკრებისთვის ვაკეთებთ.
რაც შეეხება ჩემს უმცროს ძმას - მან ბევრი უნდა იშრომოს და შეიძლება ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ერთად ვითამაშოთ. მთავარია გააგრძელოს შრომა, ჰქონდეს მიზანი და ამ მიზნის მიღწევისთვის იზრუნოს. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული, რადგან ფეხბურთელის კარიერაში ბევრი დაბრკოლებაა და მას გადალახვა უნდა.
საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება და ამის დასტური მოთამაშეთა ის რაოდენობაა, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - სომხეთის თამაში „დინამო არენაზე“ ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.