ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
სომხეთის გუნდთან გასამართი ერთა ლიგის ფლე-ოფის საპასუხო შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი
ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვალ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკაში ცვლილებებს არ ვაპირებთ.
შემადგენლობაში კორექტივებს შევიტან, რადგან გუნდში მაღალი კონკურენციაა. მე როგორც მთავარი მწვრთნელი, პრივილეგირებულ პოზიციაში ვარ, რადგან კონკრეტულ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე მყავს და თითოეული მათგანის მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.
ლუკა გუგეშაშვილს შანსი ივნისში, ამხანაგურ მატჩებში მიეცემა. ლუკა ლაცაბიძე ბევრს სწავლობს, ისმენს და ძალიან მონდომებულია. ხვალ გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ შემადგენლობის სრულ გადახალისებას არ ვაპირებ.
გუნდში იდეალური განწყობაა, ირაკლი აზაროვს წარსულში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. გამოვყოფდი საბა გოგლიჩიძის კარგ ასპარეზობას. რაც შეეხება კვარას, ხვიჩას ტრანსფერით ბევრი რამ შეიცვალა, ახლა შემიძლია პსჟ-ის თამაშებს უფასოდ დავესწრო (იცინის).
იტალია განსაკუთრებული საფეხბურთო ადგილია, სადაც ქართველებმა თავისი კვალი უკვე დატოვეს. ახლა ამ ყველაფერს საბა გოგლიჩიძე აგრძელებს და არ დაგავიწყდეთ, რომ იქ ასევე ასპარეზობენ გიორგი კვერნაძე და ლუკა ლოჩოშვილი.
შეგახსენებთ, ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სომხეთი შინ საქართველოსთან 0:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ხვალ, 23 მარტს „დინამო არენაზე’’ 18:00 საათზე დაიწყება.