ნადალს დაეწია - ჯოკოვიჩის მორიგი რეკორდი
ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ჩოგბურთშიც ვეტერანი სპორტსმენების თითოეული შეხვედრა რაღაც ახალი რეკორდისა თუ მიღწევის მომტანია. ჩოგბურთელებს შორის კარიერაში ასეთი ეტაპი ახლა ნოვაკ ჯოკოვიჩს უდგას, რომელმაც მაიამის მასტერსი ავსტრალიის სახელით მოასპარეზე რინკი ჰიჯიკატას ორ სეტში, 6:0, 7:6 დამარცხებით დაიწყო და შეიძლება ითქვას, ერთგვარი ცუდი სერიაც დაასრულა, რადგან ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრავმის მიღების შემდეგ, ნოლე ზედიზედ ორჯერ, დოჰასა და ინდიან უელსზე ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
გარდა ამისა, ჰიჯიკატასთან გამარჯვება 37 წლის სერბი ჩოგბურთელისთვის სხვა რამითაც იყო გამორჩეული - მან მასტერსებზე კარიერაში რიგით 410-ე მატჩი მოიგო, რითაც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის, რაფაელ ნადალის მიღწევა გაიმეორა. 410 გამარჯვების მოსაპოვებლად ჯოკოვიჩს - 501, რაფას კი ერთი ნაკლები, 500 თამაშის ჩატარება დასჭირდა. მესამე ადგილზე ამ მხრივ როჯერ ფედერერია, რომელმაც მასტერსის ეგიდით გამართულ 386 შეხვედრაში დატოვა კორტი გამარჯვებულის რანგში.
ცნობისათვის, მაიამის მასტერზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 65-ე ნომერი, არგენტინელი უგო კარაბელი იქნება.