ტრაბზონს ძალიან მიუახლოვდა - თურქები ქოჩორაშვილის ტრანსფერზე წერენ
გიორგი ქოჩორაშვილის გეგმებში რამდენად შედის თურქეთის ჩემპიონატში ამჟამად მეცხრე ადგილზე მყოფი „ტრაბზონსპორში“ გადასვლა, რთული სათქმელია, მაგრამ ავტორიტეტული თურქული გამოცემა Fotomac-ის ცნობით, ამ კლუბის ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თექე „ლევანტეს“ ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად ესპანეთში ჩასვლას უახლოეს დღეებში გეგმავს.
რას წერენ ქოჩორაშვილზე
25 წლის საყრდენს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შემტევი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც კარგად შეუძლია თამაში, „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს უსრულდება. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 4 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, „ტრაბზონსპორის“ შეფები მზად არიან ესპანელებს უფრო მეტიც შესთავაზონ.
უკვე ცნობილია, რომ ამის შესახებ ფათიჰ თექემ საქმის კურსში თავად ფეხბურთელიც ჩააყენა, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე როგორც ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელებთან, ასევე ოჯახის წევრებთან გასაუბრება სჭირდება.
თავად ქოჩორაშვილი თურქეთის კლუბის წარმომადგენლებს ტრანსფერზე სავარაუდოდ ჯერჯერობით თანხმობას არ მისცემს, რადგან „ლევანტე“ მიმდინარე სეზონში ისე ასპარეზობს, რომ ლა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია, თანაც გიორგის ლისაბონის „სპორტინგის“ სახით კიდევ ერთი რეალური მსურველი ჰყავს და წესით, პორტუგალიური ვარიანტი უფრო კარგი უნდა იყოს.