არგენტინა
Aa
Aa

არგენტინამ ურუგვაის მოუგო - ბრაზილიასთან ქულა საგზურის მომტანი იქნება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კონმებოლის ზონაში არგენტინის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონებმა მონტევიდეოში ადგილობრივი ურუგვაის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხეს და ცამეტი თამაშის შემდეგ 28 ქულა დააგროვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში, ბრაზილიელებთან საშინაო მატჩში ფრის შემთხვევაშიც, ალბისელესტე მუნდიალის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.

თავისი ყოფილი გუნდისა და თანამემამულეების წინააღმდეგ სათამაშოდ მარსელო ბიელსამ სელესტე უზომოდ მოტივირებული გაიყვანა, თუმცა ტრავმირებული კაპიტნის, ლიონელ მესის გარეშე მოასპარეზე სტუმრებმა მასპინძლებს მაინც აჯობეს და კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს. ერთადერთი ბურთი 68-ე წუთზე, „ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელმა ტიაგო ალმადამ ხულიან ალვარესის პასის შემდეგ ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა ცვლილებაზე შესული არგენტინელების ფეხბურთელი ნიკოლას გონსალესი ნაითან ნანდესთან უხეშობისთვის გააძევა, თუმცა მასპინძლებს სიტუაციის გამოსასწორებლად დრო აღარ ეყოთ და ალბისელესტემ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 13 ტურის შემდეგ 28 ქულით არგენტინა სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო ურუგვაი 20 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. არგენტინა - ბრაზილიის სუპერმატჩს ბუენოს-აირესის „მონუმენტალი“ უმასპინძლებს და თბილისის დროით, 26 მარტს, დილის 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაფინიას გზა ოქროს ბურთის პრეტენდენტობამდე
რაფინიას გზა ოქროს ბურთის პრეტენდენტობამდე