ჰასელბაინკი: „2026 წლის მუნდიალს კრიშტიანუ არ სჭირდება“
წარსულში ცნობილ ნიდერლანდელ ფეხბურთელს, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს, რომელმაც გულშემატკივარს თავი ძირითადად „ჩელსიში“ წარმატებული ასპარეზობით დაამახსოვრა, ერთ-ერთი ცნობილი სპორტული გამოცემის ჟურნალისტი ესტუმრა და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებზე ესაუბრა. როდესაც ჰასელბანკს პორტუგალიის ნაკრების შანსების შეფასება სთხოვეს, მან პირდაპირ და საჯაროდ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა და ლუზიტანების მთავარ ვარსკვლავზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„2026 წლის მუნდიალს კრიშტიანუ რონალდუ აღარ სჭირდება. დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პორტუგალიის ნაკრებში თამაშით ამჟამად რონალდუ საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელი მოაქვს.
არსებობს შენი მოსვლის დრო და წასვლის დრო. ვფიქრობ, მისი წასვლის დრო დიდი ხნის წინ მოვიდა და შანსი ახალგაზრდებისთვის უნდა მიეცა.
არ მგონია, რომ პორტუგალიის ნაკრებისთვის მისი მოედანზე ყოფნა სასარგებლო იყოს, რადგან არსებობს მატჩები, როდესაც მეტოქეს პრესინგი უნდა შესთავაზო, რისი გაკეთებაც 40 წლის რონალდუს არ შეუძლია. საწყენად არაფერს ვამბობ, ეს რეალობაა, რაც თავად ფეხბურთელმაც უნდა გააცნობიეროს. შეიძლება მესის ელოდება და როდესაც ლეო გადაწყვეტს კარიერის დასრულებას, რონალდუც მაშინ წავა ფეხბურთიდან“.
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი „ჩელსიში“ ასპარეზობისას ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 1999 და 2001 წლებში გახდა, ნიდერლანდების ნაკრებში კი, 1998-2002 წლებში ჩატარებულ 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა.