სანდრო მამუკელაშვილი, ირაკლი ხოშტარია
Aa
Aa

„სანდროსთვის ეს ბევრ რამეს შეცვლის“ - ხოშტარია მამუკელაშვილის სუპერმატჩზე

სანდრო მამუკელაშვილის პერფომანსი „სან ანტონიო“ – „ნიუ-იორკ ნიქსის“ (120:105) შეხვედრაში ბოლო ორ დღეში NBA-ს გულშემატკივრებისა თუ მიმომხილველების მთავარი სალაპარაკო თემაა. 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში „სპურსის“ სამწვრთნელო შტაბი შეზღუდულ სათამაშო დროს უთმობდა, ბოძებული შანსი იდეალურად გამოიყენა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

მამუს ასპარეზობით აღფრთოვანებას ვერ მალავს ვეტერანი კალათბურთელი ირაკლი ხოშტარია, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ეს მატჩი სანდროს კარიერაში ბევრ რამეს შეცვლის.

ირაკლი ხოშტარია

ასეთი დიდებული თამაში ხშირ შემთხვევაში უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე და სათანადო დაფასებაც მოჰყვება - იმედი მაქვს, რომ სანდროს შემთხვევაც ასეთი იქნება და მას სტაბილურად ასპარეზობის საშუალება მიეცემა. ფანტასტიური - სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ მოვუძებნი იმ თამაშს, რომელიც მან „ნიუ-იორკ ნიქსთან“ ჩაატარა.

NBA სპეციფიური ლიგაა და შესაბამისად არ მაქვს ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ არ აქვს მამუკელაშვილის დონის კალათბურთელს მეტი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა. იქ ფორმდება მოთამაშეებთან ისეთი კონტრაქტები, სადაც გარკვეული მუხლები იდება - დავუშვათ მან უნდა ითამაშოს ამა და ამ მეოთხედში, უნდა მიეცეს სეზონის მანძილზე გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების საშუალება და ასე შემდეგ.

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა და ალბათ ყველა დაარწმუნა იმაში, რომ სანდრო სწორედ ამ ლიგის დონის კალათბურთელია და ნამდვილად არ მინდა ევროპაში წამოვიდეს, რადგან NBA სპორტის ამ სახეობის მექაა. დარწმუნებული ვარ, მამუკელაშვილი და მისი მენეჯერები კარგად დაფიქრდებიან და იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც მას სათამაშო დროს გაუზრდის, ან ისეთ გუნდს იპოვის, სადაც უფრო მეტი ნდობა ექნება. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ „სან ანტონიოშიც“ ასეთი თამაშის შემდეგ მისი წუთები ლიმიტობრივი აღარ იქნება და პარკეტზე გაცილებით მეტ დროს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ის პირველი კალათბურთელია მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ისტორიაში, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულის დაგროვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავი სიზმარში მგონია“ | მამუკელაშვილი NBA-ის რეკორდზე
„თავი სიზმარში მგონია“ | მამუკელაშვილი NBA-ის რეკორდზე