„ჩემი მეტოქე ეშმაკითაა შეპყრობილი“ | ბრაის მიტჩელის მორიგი სკანდალური განცხადება
ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე, ბრაის მიტჩელი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 314-ზე გამართავს და ჟან სილვას დაუპირისპირდება. მიტჩელი სკანდალური განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.
ბრაისის თქმით, სილვა ეშმაკითაა შეპყრობილი და UFC 314-ზე მხოლოდ მის წინააღმდეგ კი არა, დემონების ლეგიონის წინააღმდეგ მოუწევს ჩხუბი.
„დემონების ლეგიონი ყოველ ღამე მიტევენ და პრესკონფერენციის შემდეგ, ერთი ღამე არ ყოფილა, როდესაც ნორმალურად მეძინა. სიზმრებში, დემონები წრეს მარტყამენ და ცდილობენ, ჩემი პროვოცირება მოახდინონ და გამაბრაზონ. ამის შემდეგ, სიზმარი იცვლება და ლამაზ ქალბატონს გზავნიან, რომელიც ჩემს ცდუნებას ცდილობს. იციან, რომ ჩემი ორი სუსტი მხარე, ვნება და სიბრაზეა.
სატანა ცდილობს, ჩემი სუსტი მხარეები გამოიყენოს, მაგრამ სადაც მე ვარ სუსტი, იქ უფალია ძლიერი. 12 აპრილს, უბრალო ადამიანს არ ვეჩხუბები. ვეჩხუბები ადამიანს, რომელიც დემონების ლეგიონის მიერაა შეპყრობილი. პრესკონფერენციაზე, როდესაც უფლის სახელი ვახსენე, ის გაგიჟდა, საღად აზროვნების უნარი დაკარგა, ყეფა დაიწყო და მაგინებდა.
ხალხო, გახსოვდეთ, რომ დღეები, როდესაც საკუთარი თავისთვის ვიბრძოდი წარსულს ჩაბარდა. ახლა უფლისთვის ვიბრძვი და მისი წყალობით გავიმარჯვებ. ჩემი ოქტაგონზე ყოფნის გამო, ამ კაცის დემონები გაქრებიან და ის ჩემ წინაშე ისე დაეცემა, როგორც გოლიათი დაეცა დავითის წინ“.
ცნობისთვის, UFC 314-ის მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო დაპირისპირებაა. თანამთავარი მოვლენის მონაწილეები კი მაიკლ ჩენდლერი და პედი პიმბლეტი არიან.