ლიპარტელიანის საოცარი გამარჯვება, ლოლაძის ბრინჯაო | თბილისის გრანდ სლემი
ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ფინალურ ბლოკში, ხუთი ქართველი ჯუდოკა ვიხილეთ და მედალი სამმა მათგანმა მოიპოვა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თემურ ნოზაძე ფინალში გავიდა, მაგრამ ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანმა წააგო.
ბრწყინვალე გამოსვლა გვაჩვენეს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგონებმა. ტატამიზე პირველი ნინო ლოლაძე გავიდა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ პაულინა სტარკეს დაუპირისპირდა. ქართველმა ჯუდოკამ შესანიშნავი გდება შეასრულა და იპონით იმარჯვა.
57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, საოცარი შეხვედრა ვიხილეთ. ეთერ ლიპარტელიანი მარტა ფავაზს დაუპირისპირდა და ჭიდაობა მისთვის ცუდად დაიწყო. ლიპარტელიანი ვაზარითა და 2 იუკოთი მარცხდებოდა, მაგრამ შეხვედრა შემოატრიალა. ეთომ ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი სამი იუკო შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, ხვალ თბილისის გრანდ სლემზე მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, კოტე კაპანაძე, მარიამ ჭანტურია, ზაურ დვალიშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი და გვანცა მჭედლიშვილი იასპარეზებენ.