რაფინია დიასი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ვიცოდი, რომ ერთ კვირაში ფლიკს თავს მოვაწონებდი და ასეც მოხდა“ - რაფინია

„ბარსელონას“ და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინიამ, რომელიც წელს საკლუბო დონეზე საუცხოო სეზონს ატარებს, Globo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

რაფინია:

„გასული წლის ზაფხულში უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდი - მედია ყოველდღე ახალ კლუბში მიშვებდა. მეც ვფიქრობდი „ბარსელონას“ დატოვებაზე, იმიტომ რომ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. „კოპა ამერიკას“ შემდეგ ჰანსი ფლიკმა დამირეკა და მითხრა, რომ ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ვარჯიშზე უნდა გამოვცხადებულიყავი - ახალ მწვრთნელს ჩემთან გასაუბრება და საქმეში ჩემი ნახვა სურდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც კატალონიაში დარჩენა გადამაწყვეტინა. მჯეროდა, რომ ერთ კვირაში ფლიკს თავს მოვაწონებდი და ასეც მოხდა.

მენტალური მხარე სხეულზე ზრუნვასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი. ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგთან დავიწყე მუშაობა და ეს ძალიან გამომადგა - ვიპოვე ჩემი ადგილი არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც, როგორც მამაკაცმა, მამამ და მეუღლემ.

მიმდინარე სეზონის წარმატება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაშია. თუ გუნდი კარგად არ თამაშობს, ინდივიდუალურად ფეხბურთელი ვერაფერს იზამს. მთელ გუნდს კარგი სეზონი აქვს და ამიტომაც ბრწყინავენ ცალკეული ფეხბურთელები. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის ამოცანებია.

გამიმართლა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ისე თამაშობენ, თითქოს ზურგს ათწლიანი გამოცდილება უმაგრებს. ახალი როლი? პირველ რიგში, მინდა, მოედანზე ვიყო, რომელ პოზიციაზეც არ უნდა მათამაშონ. ვცდილობ, მოვერგო ახალ როლს და სანამ გუნდს ჩემი თამაშით ვეხმარები, სხვა არაფერი მაღელვებს. წინა სეზონში ვფიქრობდი, რომ თუ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე არ ვითამაშებდი, სხვაგან ჩემს შესაძლებლობებს ვერ წარმოვაჩენდი, თუმცა სხვანაირად დავიწყე ფიქრი და ახალი გამოწვევა მივიღე.

ურთიერთობა როდრიგოსა და ვინისიუსთან? ყველამ იცის, როგორი დონის ფეხბურთელები გვყავს ნაკრებში. მათთან თამაში სიამოვნებაა. როდრიგოს და ვინის სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, რაც მეტოქე გუნდის მცველებში დაბნეულობას იწვევს. მირჩევნია ისინი ჩემს გუნდში იყვნენ, ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდში. ვცდილობთ, ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ვერსია დავაბრუნოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ქულები აღარ დავკარგოთ“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რაფინიამ „ბარსელონას“ მაისურით 42 მატჩში 27 გოლი და 20 ასისტი დააგროვა. რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, „სელესაომ“ ბოლო მატჩში კოლუმბიის ნაკრები 2:1 დაამარცხა, რაფინიამ კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 26 მარტს „პენტაკამპეონები“ ბუენოს-აირესში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა
„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა