„ჩქარა დატოვე მოედანი“ - რაფინიამ ვინისიუსს უყვირა
მიმდინარე სეზონი რაფინიასთვის საუკეთესოა, რომელიც ტრავმირებული მარკ-ანდრე ტერ შტეგენის არყოფნაში „ბარსელონას“ კაპიტანია, თუმცა ლიდერის თვისებებს არამხოლოდ კლუბში, არამედ ნაკრებშიც კარგად ავლენს, რისი დასტურიც ბრაზილია - კოლუმბიის (2:1) შეხვედრა გახლდათ, სადაც სელესაომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა - რაფინიამ ჯერ 11-მეტრიანი გაიტანა, ხოლო შემდეგ ვინისიუს ჟუნიორს ასისტენტობა გაუწია.
„ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და სხვა სასიკეთო საქმითაც გამოიჩინა თავი - არბიტრის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე, როდესაც დორივალ ჟუნიორმა დროის გაყვანის მიზნით ვინისიუსის შეცვლა გადაწყვიტა, რაფინიამ მას ყველას გასაგონად უყვირა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვინი მოედანს ნელა ტოვებდა და მისი გაფრთხილების რისკი მაღალი იყო. სწორედ ეს მიანიშნა რაფინიამ მასთან პირველი მისვლის დროს და როდესაც მისი რჩევა ჟუნიორმა არ გაითვალისწინა, „ბარსელონელი“ მასთან კიდევ ერთხელ მივიდა და ყვირილით უთხრა: „ჩქარა დატოვე მოედანი, თორემ არბიტრი მეორე ყვითელს მოგცემს და არგენტინასთან ვერ დაგვეხმარები“.
მომდევნო შეხვედრას ბრაზილიელები სტუმრად მათთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქე არგენტინის ნაკრებთან გამართავენ, რომელსაც ტრავმის გამო კაპიტანი ლიონელ მესი ვერ დაეხმარება. თამაში 26 მარტს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.