2 ქართველი ფეხბურთელი ინტერის ლეგენდებთან ერთად Infinity League-ში ითამაშებს
მინი-ფეხბურთის ტურნირ Infinity League-ში, რომელსაც მიუნხენი მასპინძლობს, მილანის „ინტერის’’ შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები, 16 წლის ნიკა ნათიშვილი და 18 წლის დაჩი ცალუღელაშვილი ითამაშებენ.
„ინტერის’’ შემადგენლობაში მათთან ერთად ხავიერ ძანეტის, გეორგიოს კარაგუნისსა და ესტებან კამბიასოს ვიხილავთ. მთავარი მწვრთნელი ფრანკო ბარეზის ძმა ჯუზეპე ბარეზია, რომელიც 1976-92 წლებში „ინტერში'' თამაშობდა.
აღნიშნულ ტურნირში „ინტერი,’’ „ბაიერნი,’’ „დორტმუნდი’’ და „იუვენტუსი’’ მიიღებენ მონაწილეობას.
CrystalSport-ის ცნობით, „ინტერმა'' საქართველოში მდებარე „ინტერის'' აკადემიას აღნიშნული ტურნირისთვის ორი ფეხბურთელის არჩევა შესთავაზა, აკადემიამ ნათიშვილსა და ცალუღელაშვილზე გააკეთა არჩევანი.
როგორც „ინტერის'' ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, თითოეულ გუნდში ორი 23-წლამდე ფეხბურთელი უნდა იყოს, „ინტერში'' ორივე ქართველი იქნება.
2024 წელს საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ხიზანიშვილმა ნიკა ნათიშვილი UEFA-ს განვითარების თასზე ათამაშა, რომელიც მალტაზე გაიმართა. Infinity League-ში ფორვარდად ჩაწერეს, დიდ მოედანზე ცენტრალური მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. როცა გუნდი სამი ცენტრალური მცველით გამოდის, ნიკა მარცხენა ცენტრალური მცველია. ნიკა ცაციაა.
რაც შეეხება ცალუღელაშვილს, „ინტერის'' აკადემიის მოთამაშეა, საყრდენი ნახევარმცველია და ამავდროულად საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების წევრია. ფუტსალში უნივერსალია, ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ქართველი ფეხბურთელები მიუნხენში დღეს დილით ჩაფრინდნენ, გუნდთან ერთად 21 მარტს ივარჯიშებენ, შეხვედრები 22 მარტს გაიმართება.