სომხეთთან აჩვენა, რა შეუძლია | Record-ი ქოჩორაშვილსა და სპორტინგის ინტერესზე
ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი გიორგი ქოჩორაშვილის სომხეთთან ჩატარებულ მატჩს ეხმაურება. აღნიშნულმა წყარომ გასულ ზამთარში დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის შემდეგ „ლევანტედან'' „სპორტინგში'' გადავიდოდა. აქედან გამომდინარე, პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის თამაშს ყურადღებას უთმობს.
Record: „სპორტინგის’’ ერთ-ერთმა სამიზნემ, გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონური კლუბის ქომაგებს სომხეთთან მატჩში მცირე დემონსტრაციით აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე. 25 წლის ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა''.
უგო ვიანა, ვის სახელსაც უკავშირდებოდა „სპორტინგის’’ მხრიდან ქოჩორაშვილის ინტერესი, სამუშაოდ „მან. სიტიში’’ წავიდა, თუმცა გუნდში რჩება ფლავიო კოშტა (მთავარი სკაუტი). უგო ვიანას ბერნარდუ პალმეირუ შეცვლის, რომელიც გუნდში თებერვლიდან მუშაობს. საკადრო ცვლილებები ქოჩორაშვილის ტრანსფერზე გავლენას ვერ მოახდენს.
Record-ის ცნობით, „სპორტინგი’’ ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდის (5,5 ფიქსირებული, 1,5 ბონუსები), თუმცა ვალენსიურ კლუბს სურს, რომ თანხა შემდეგი ტრანსფერიდანაც მიიღოს.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.