„დამაჯერებლად მოვიგეთ, საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ | კიტეიშვილის კომენტარი
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა სომხეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის პირველი მატჩი 3:0 მოიგეს და „კიტე“ თანაგუნდელების გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.
„ძალიან მიხარია, რომ პირველი თამაში ასეთი სცენარით წარიმართა და ასე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მითუმეტეს, ჩემთვის კაპიტნის რანგში პირველი თამაში იყო და 3:0 მოვიგეთ. მთლიანობაში, თამაშს ვაკონტროლებდით და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
კაპიტნის სამკლავურის გამო, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეგრძნება მქონდა და ეიფორიაშიც ვიყავი, მაგრამ როდესაც მატჩი იწყება, თამაშზე ხარ კონცენტრირებული. გადამწყვეტი ფაქტორი? ბევრი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ მთლიანობაში ვიტყოდი, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და როგორი სცენარიც გვინდოდა, მატჩი იმ სცენარით წარიმართა. საუბარია ბურთის კონტროლსა და სივრცეების ათვისებაზე. საბოლოოდ, მწვრთნელის დავალებას თავი კარგად გავართვით“.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.