„გუნდის სტრუქტურით კმაყოფილი ვარ, მიქაუტაძე საოცარი იყო“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნებმა“ სომხეთს 3:0 მოუგეს და ფრანგმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
„პირველ ნახევარში, მაღალი ბურთის ფლობის პროცენტი გვქონდა, მაგრამ არის მომენტები, როცა შენ ერთ რაღაცას წყვეტ, მატჩის მიმდინარეობა - მეორეს. ის ფაქტი, რომ კონტრშეტევებზე კარგად ვთამაშობთ სიახლე არაა და წლებია ამას ვაკეთებთ. საწყის 45 წუთში, პირველ ნომრად თამაში ვცადეთ და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მეორე ტაიმში, ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, რამაც შეხვედრის სცენარი შეცვალა და ტემპი დაეცა. თუმცა, საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ ანგარიში მატჩს იდეალურად ასახავს.
ცვლილებები? გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდებიან და ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყვანო გუნდი, რომელიც ერთად კარგად ითამაშებს. რა თქმა უნდა, 3-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ უარყოფითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა კვირას გასამართ შეხვედრაზე ვიყოთ ორიენტირებული, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ვეცადოთ, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ალბათ, ეს განსხვავებული შემადგენლობით მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს, რომლებიც მინდორზე გავლენ, ექნებათ სურვილი, რომ მე და მთელ საქართველოს აჩვენონ, რომ სასტარტოში ადგილს იმსახურებენ.
ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა? ექიმებმა მითხრეს, რომ ძალიან სერიოზული არაფერია, მაგრამ კვლევებს უნდა დაველოდოთ და ყველაფერი უახლოეს საათებში გაირკვევა. ლოჩო განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ იმედი მაქვს, დიდი ხანი არ გაუცდება. სალერნიტანაში კარგად ასპარეზობს და დღეს, ძალიან კარგი თამაში აჩვენა. მისმა ასპარეზობამ სიხარული მომანიჭა და მის გამო ამაყი ვიყავი. იმედი მაქვს, უსწრაფესად დაბრუნდება.
მიქაუტაძე? მან საოცრად ითამაშა. სომხეთის ნაკრების მატჩების ამსახველ ვიდეოებს ვუყურეთ და ვიცოდით, რომ ხაზებს უკან შეიძლებოდა დიდი სივრცეები დარჩენილიყო. მიქაუტაძემ საკუთარი სისწრაფე და საფეხბურთო ინტელექტი ძალიან კარგად გამოიყენა და ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლი გაიტანა. უფრო და უფრო მეტი გოლი გააქვს და ის დონე აჩვენა, რომელზეც ბოლო პერიოდში ლიონში იმყოფებოდა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გააგრძელებს.
როცა ბურთს ფლობ, შანსები უნდა გამოიყენო და გოლი გაიტანო. პირველ ტაიმში სწორედ ეს გავაკეთეთ და პირველ ტაიმში შეგდებულმა ბურთმა ჩვენთვის მატჩი უფრო მარტივი გახადა, სომხეთს კი თავდაჯერებულობა წაართვა. დღევანდელ შეხვედრაში გადავწყვიტეთ, 4 მცველით გვეთამაშა. გურამ კაშია დისკვალიფიცირებული იყო და ცენტრში ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე დავაყენეთ. გვინდოდა, რაღაც ახალი გვეცადა ან რაღაც ახალი დაგვეწყო. გუნდის სტრუქტურით კმაყოფილი ვარ, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და იმედი მაქვს, ერთ დღეს, სხვა ფეხბურთელებიც იმავე დაცვას აჩვენებენ“.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების განმეორებითი მატჩი 23 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.