„მამუკილასვილი თუ რა გვარია?“ | სტივენ ეი სმიტი სანდროს თამაშს გამოეხმაურა
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, სტივენ ეი სმიტი სანდრო მამუკელაშვილის ისტორიულ შეხვედრას გამოეხმაურა. სმიტი წლებია „ნიუ იორკ ნიქსის“ გულშემატკივარია და „მამუმ“ ისტორია სწორედ მის ფავორიტ გუნდთან დაწერა.
„მიტჩელ რობინსონის დაბრუნების მიუხედავად, სიმართლე ისაა, რომ ნიქსი დაცვაში ძალიან, ძალიან ცუდად გამოიყურება. მთელი სეზონის განმავლობაში ასეა. განსაკუთრებით, როცა საუბარი პერიმეტრის დაცვას ეხება.
და ეს ბიჭი... რა გვარია? მამუკილასვილი? რა გვარიც არ უნდა იყოს, 7-დან 7 ჩაგდებული სამქულიანის უგულებელყოფა არ შეიძლება და საქებარ სიტყვებს იმსახურებს. სან ანტონიოს კარგი შემადგენლობა ჰყავს და როცა ვემბანიამა და ფოქსი დაბრუნდებიან, შანსები ექნებათ, თუმცა, ეს მატჩი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში კლივლენდი და ბოსტონი არიან და არავინ სხვა... არავინ სხვა..."
ცნობისთვის, სანდრომ სტივენ ეი სმიტის საყვარელი „ნიქსის“ წინააღმდეგ 34 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. „მამუმ“ 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 14-დან 13 სროლა გამოიყენა. მან NBA-ის რეკორდი დაამყარა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა გააკეთა.