„მიქაუტაძეს შანსი რამდენჯერმე მივეცი, მაგრამ მის პოზიციაზე სხვა გვყავდა“ - სომხეთის მწვრთნელის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში სტუმრად სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა და კაპიტანმა, ვარაზდატ ჰაროიანმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ჯონ ვანტ სხიპი:
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ყველამ ვიცით იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც ამ ნაკრებმა ერთა ლიგაზე გაიარა. ამ გუნდს ბრწყინვალე ტალანტები ჰყავს. სწორ ფეხბურთს თამაშობს და იციან, რასაც აკეთებენ. ჩვენთვის მათ წინააღმდეგ თამაში კარგი გამოწვევაა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, როდესაც აიაქსში მივედი, მას რამდენჯერმე მივეცი. სამწუხაროდ, მას არ ეძლეოდა დიდი სათამაშო დრო, რადგან მაშინ ერთი თავდამსხმელი, აპკომი გვყავდა და გვიწევდა, ჟორჟი სხვა პოზიციაზე დაგვეყენებინა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ახლა საფრანგეთში, ლიონში კარგად თამაშობს და მას სამომავლოდ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.
ამ თამაშისთვის მოსამზადებლად და გუნდის გასაცნობად ძალიან ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს. ბიჭებმა მხარი კარგად ამიბეს და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.
მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადებაა. თუმცა, მანამდე საქართველოსთან მატჩები გვაქვს და ვეცდებით, მათ საქმე გავურთულოთ. რა თქმა უნდა, რთულია არასრულ სამ კვირაში წარმატების მიღწევა, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში ბევრი ძლიერი მატჩი ჩაატარა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზეც. მზად ვართ, რომ მათ კარგი თამაში შევთავაზოთ, ვიცით, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, ეს ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას აძლევს. მჯერა, რომ საინტერესო თამაში იქნება.
ვარაზდატ ჰაროიანი:
საქართველოს ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელის შესახებ მსმენია. მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ხვალ რთულ თამაშს ველით და ვეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.