უსიკი: ფიური მენატრება
ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა თავის ყოფილ მეტოქესთან, ტაისონ ფიურისთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.
WBA, WBC-ისა და WBO-ს ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა აღიარა, რომ ბრიტანელი მოწინააღმდეგე ენატრება.
„ახლა ჩვენ არ ვურთიერთობთ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი შეიცვლება. მე ის მენატრება. ჩვენ 24 რაუნდი გავმართეთ - ეს მთელი ცხოვრებაა. თითქოს 20 წელი ერთად ვიცხოვრეთ. დიახ, ეს ჩვენთვის ხანგრძლივი მოგზაურობა იყო. ტაისონი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მე მას პატივს ვცემ - მე მან უფრო გამაძლიერა“, - თქვა უსიკმა Al Arabiya English-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ უსიკი-ფიურის პირველი ბრძოლა გასული წლის მაისში გაიმართა და უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება რევანშს, ის გასული წლის ბოლოს შედგა. გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთ მებრძოლს არ მოუპოვებია, თუმცა რიგ ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა.