„ეს ახდენილი ოცნებაა“ - კიტეიშვილი სომხეთთან მატჩის წინ
ოთარ კიტეიშვილი სომხეთთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად გამოცხადდა. მან ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურით თავის პირველ შეხვედრაზე და ამ ყველაფრისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.
„როდესაც 2020 წელს ვითამაშეთ, მაშინ გუნდში არ ვყოფილვარ. იმ თამაშს ვუყურე და ბოლო თამაშებიც განვიხილეთ. სომხეთი აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და სახიფათოები არიან, ამიტომაც რთულ თამაშს ველით.
რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც საქართველოს ნაკრებს ვუკაპიტნებ. ეს ნამდვილად არის ახდენილი ოცნება. მაგრამ ამავდროულად, რთულია, რომ შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც კაშია. ვეცდები, რომ ამ მოვალეობას თავი ღირსეულად გავართვა.
სომხეთისგან ველოდებით, რომ თავს გუნდურად დაიცავენ და სწრაფი კონტრშეტევები იქნება მათი მთავარი ამოცანები. გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ. არ ვიცით რას დაგვიპირისპირებენ. ჩვენ ჩვენი თამაშის ჩვენებას და ძლიერი თვისებების გამოყენებას ვეცდებით.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო და ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, აქ ყველაფერი განსხვავებულია. ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ნაკრები, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის და იმედი მაქვს, რომ კაპიტნის რანგში პირველი თამაში წარმატებული აღმოჩნდება“.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი საქართველოს მატჩი 20 მარტს 21:00-ზე გაიმართება.