„შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით კარგ ფორმაში ვართ“ - სანიოლი სომხეთთან მატჩის წინ
ხვალ, ერთა ლიგის B ლიგის პირველ საპლეიოფო მატჩი საქართველოს ნაკრები სტუმრად სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სანიოლმა:
წარსულში ყოველთვის გვყავდა ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლებიც დიდ თამაშებშიც თამაშობდნენ, ახლა კი მათი ხარისხი ჯერჯერობით, ეროვნულ ნაკრებში ვერ ჯდება. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს სიტუაცია გამოსწორდება.
ვიაზრებთ, რომ ეს თამაში დერბია და ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. ხვალ თამაში სომხეთში არის, მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ ახალი ფილოსოფიით, ექნებათ გულშემატკივრების მხარდაჭერა და ამიტომაც ველით რთულ თამაშს, მაგრამ ველი, რომ ფეხბურთელები ამოცანას თავს კარგად გაართმევენ.
ჯონ ვან ტ’სხიპი ჩემთვის ნაცნობია, ერთმანეთის წინააღმდეგაც გვითამაშია, როდესაც სხვა გუნდებში ვმუშაობდით. ბოლო 10-15 წელში მგონია, რომ სომხეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც ძლიერ გუნდებში თამაშობდნენ, მაგალითად მხითარიანი. ეს ნაკრები პროგრესს განიცდის. ამასთან, მეზობლები ვართ და სომხეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ნაკრებების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო.
ხვალინდელ თამაშში 11 ფეხბურთელით შევუტევთ და თავსაც 11 ფეხბურთელით დავიცავთ. ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გამოვცადეთ ფორმაცია, რომელსაც მიეჩვიეთ, მაგრამ ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და შეუძლებელია, რომ სულ ერთი და იგივე გააკეთო. ამის გამო, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში სათამაშო წყობაც შევცვალოთ.
ხვიჩას გარეშე იგივე სისტემით და იგივე წყობით თამაში რთულია. ის უნიკალური ფეხბურთელია. ვინც არ უნდა ითამაშოს, მთავარია როგორ იმოქმედებენ ფეხბურთელები და როგორი დისციპლინა იქნება. ეს მუდმივად მაღალ დონეზე იყო, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ეს გუნდური თამაში დავკარგეთ. ვინც არ უნდა ითამაშოს, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ძლიერ თვისებებს დავიბრუნებთ, რომელიც გვახასიათებდა. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის კარგად დაწყება, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი საბოლოო წარმატებისთვის.
შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ, ახლა გუნდი ბევრად უკეთეს ფორმაში იმყოფება, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ სიტყვებია და საჭიროა, რომ ეს მოედანზე დავამტკიცოთ.
2022 წლიდან მოყოლებული მივეჩვიეთ, რომ გასვლით თამაშებზე გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერა გვაქვს, დასამახსოვრებელი იყო ბულგარეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან მატჩები, რის შემდეგაც ჩვენს შორის უნიკალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი ყოველთვის გახარებულები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 21:00 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი თბილისში, 23 მარტს ჩატარდება.