„ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო“ - კალცონამ კვარაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ, რომელიც 2022 წლიდან სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი გახლავთ, ანტონიო კონტეს გუნდზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
„იტალიაში დაბრუნება? არა, ამ ეტაპზე მხოლოდ სლოვაკეთზე ვარ ფოკუსირებული. შემდეგ ვნახოთ. იმედი მაქვს, ისეთ გუნდს ვიპოვი, რომელიც საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას მომცემს. უკეთესია, თუ ეს იტალიაში მოხდება, მაგრამ საზღვარგარეთაც არ მაქვს პრობლემა.
რაც შეეხება კონტეს ნაპოლის, ჩემპიონატის მსვლელობისას ისინი საოცრად გაიზარდნენ და ამჟამად ძლიერი კოლექტივია, რომელსაც სკუდეტოს მოგება ჯერ კიდევ შეუძლია.
ანტონიო კონტე სწორი ლიდერია და ასევე ამ გარემოსთვის შესაფერისი ადამიანია.
კვარაცხელიას ტრანსფერი? დიახ, იყო ცუდი მომენტები, უკმაყოფილების მიზეზი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო. ახლა დე ლაურენტისის გამო ბედნიერი ვარ, რადგან კლუბმა ყველაზე უარესი მომენტი უკან მოიტოვა. გასული სეზონი კლუბისთვის ყველაზე ცუდი იყო“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კალცონა ნეაპოლელთათვის რიგით მე-3 მწვრთნელი იყო. მის დანიშვნამდე „პარტენოპეი“ რუდი გარსიამ და ვალტერ მაცარიმ გაწვრთნეს.