ფლიკს მოსწონს - ბარსელონა ოსიმენის შეძენას განიხილავს
ვიქტორ ოსიმენი „ბარსელონას“ რადარზე აღმოჩნდა. კატალონიელები ახალი სეზონიდან ახალი ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავენ, რადგან ლევანდოვსკი 21 აგვისტოს 37 წლის გახდება და კიდევ მთელი სეზონით მასზე დაყრდნობა „ბლაუგრანას“ ძალიან გაუჭირდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, „ბარსა“ ოსიმენის სიტუაციას აკვირდება და ნელ-ნელა მის მიმართ ინტერესს ზრდის.
26 წლის ოსიმენი ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს. ზაფხულში კი მას „ნაპოლიში“ დაბრუნება მოუწევს. ნეაპოლელებთან მის ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ივნისში ეწურება. ტრანსფერმარკტზე ფეხბურთელი 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა ყველა ხვდება, რომ დე ლაურენტისს მისი გაყიდვა გაცილებით ნაკლებად მოუწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ მას საერთოდ უფასოდ დაკარგავს.
„ბარსელონა“ ამ მომენტით სარგებლობას გეგმავს. წყაროს ცნობით, ჰანსი ფლიკს ოსიმენი ძალიან მოსწონს. გერმანელი სპეციალისტი მისი სათამაშო სტილით მოხიბლულია. დინამიურობა, პრესინგზე კარგი თამაში და შედეგიანობა - ამ ასპექტებში ვიქტორი სტაბილურად ძლიერია.
კატალონიელებს გარდა ოსიმენისა, შვედი ალექსანდრ ისაკიც მოსწონთ და კარგა ხანია აკვირდებიან კიდეც, თუმცა „ნიუკასლი“ მას 150 მილიონად აფასებს, ამხელა თანხას კი „ბარსელონა“ არ და ვერ გადაიხდის.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „გალათასარაის“ რიგებში თურქეთის სუპერ ლიგასა და ევროპა ლიგაზე 29 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.