„ამის თქმა მახაჩევის შეურაცხყოფაა“ | რას ამბობს ჩეილ სონენი ილია VS ისლამზე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ჩეილ სონენი ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბის საკითხს გამოეხმაურა. სონენმა რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს არავისი ეშინია.
„პრესაში გავრცელებულ ცნობებზე ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ საქმე ყალბ ინფორმაციასთან გვაქვს და ეს ისლამ მახაჩევის შეურაცხყოფაა. არ მგონია, მახაჩევს ვინმესი ეშინოდეს და ამის დასტური რენატო მოიკანოსთან გამართული ორთაბრძოლაა. ისლამი სხვა მებრძოლისთვის ემზადებოდა და მოიკანოსთან ჩხუბს მაინც დათანხმდა, რადგან ეს სწორი ქმედება იყო და შოუ უნდა გაგრძელებულიყო.
არ მგონია, ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს, მაგრამ თუ ასეა, ქვემსუბუქი წონიდან გადმოსულ კიდევ ერთ მებრძოლთან ჩხუბის შეთავაზება ისლამის მისამართით უპატივცემულობის გამოხატულებაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თავად თქვა, ქვესაშუალოში გადასვლა მინდაო, რაზეც ჯერ უარს ეუბნებიან. თუ ამის უფლებას არ აძლევენ, თვითონ რატომ უნდა დათანხმდეს იმავეს?“
შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩევი თვლის, რომ ილიამ სატიტულო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს. ისლამის წარმომადგენლების თქმით, თოფურიამ რომელიმე კონტენდერი უნდა დაამარცხოს და ტიტულისთვის ამის შემდეგ იჩხუბოს.