„ამიხსენით რატომ არაა ძირითადი შემადგენლობის წევრი“ | ფრანგი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
ფრანგი ჟურნალისტი და კომენტატორი, პიერ მენესი „ლიონისა“ და „ლე ავრის“ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც გიორგი მიქაუტაძის გუნდმა 4:2 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა „ლიონის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მენესისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
„გიორგი მიქაუტაძის შემოსვლა მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი იყო და მან გოლი და ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა. გამომდინარე იქიდან თუ როგორ გამოიყურება და რამდენად გადამწყვეტია მიქაუტაძე, საჭიროა, ამიხსნან რანაირად არ უნდა იყოს ძირითადი შემადგენლობის წევრი“.
ცნობისთვის, ბოლო ორ შეხვედრაში მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გასულ ხუთშაბათს, გიორგიმ „სტიაუას“ წინააღმდეგ იფრინა და ორი გოლი და ამდენივე ასისტი გაიფორმა, „ლე ავრთან“ მატჩში კი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა - გოლი და 2 ასისტი.
გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და სომხეთთან პლეიოფისთვის ემზადება. „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ და მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.