მექვაბიშვილის აღიარება | სუპერლიგამ ტურის სიმბოლურში შეიყვანა
რუმინეთის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში ანზორ მექვაბიშვილი შეიყვანა.
„კრაიოვას'' ქართველმა საყრდენმა „უნივერსიტატია კლუჟთან’’ მატჩში ანგარიში გახსნა, გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გოლის შემდეგ „კრაიოვამ’’ კიდევ ორი გოლი შეაგდო, 3:0 გაიმარჯვა.
ამ ეტაპზე „კრაიოვა’’ 29 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „კლუჟს’’ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ასე რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.
მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში (14 სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა, ყვითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მიიღო.
23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშა, თბილისის „დინამოს'' აღზრდილია და 2024 წლის ზამთარში „დინამოდან'' რუმინულ კლუბში გადავიდა. ამჟამად, მექვაბიშვილი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა და სომხეთთან მატჩებისთვის ემზადება.