განსაკუთრებულია, ორ წელში 20 მილიონი ეღირება | გულიაშვილის თანაგუნდელი
„სარაევოს’’ 29 წლის ცენტრალურმა მცველმა რენატო გოიკოვიჩმა იუთუბ არხ Oslobođenje-ში სტუმრობისას ქართველ თანაგუნდელზე, ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირზე, გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა. მისი აზრით, თუ კარიერაში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, გულიაშვილი ორ წელიწადში 20 მილიონი ეღირება.
რენატო გოიკოვიჩი: „გულწრფელად გითხრათ, დიდი ხანია მასზე უკეთესი ფეხბურთელი არ მინახავს. ვგულისხმობ როგორც ჩემს გუნდს, ასევე მეტოქე გუნდს, მაგრამ მითამაშია ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომელთა ტრანსფერში 20-30 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუ სწორ არჩევანს გააკეთებს და ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ორ წელიწადში 20 მილიონი ევრო ეღირება. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია’’.
თუ რატომ თვლის გულიაშვილს განსაკუთრებულ ფეხბურთელად, გოიკოვიჩის ახსნა ასეთია: „ყოველ თამაშში საკუთარ თავს 2-3 მომენტს უქმნის. ბურთის დაკარგვის შემდეგ ბოლომდე იბრძვის, ბურთს იბრუნებს და მეტოქეზე მოსატყუებლად მიდის. ჩვენი გოლების უმრავლესობა გულიაშვილმა გაიტანა, მას კიდევ ათი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა. სათამაშო ხარისხთან ერთად აღსანიშნავია მისი პიროვნული თვისებები. ასევე, სამუშაო ეთიკა, ნამდვილი პროფესიონალია. ეს აუცილებელია, როცა მაღალ დონეზე ადიხარ და რაღაცის გაკეთება გსურს’’.
მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა ჩემპიონატში, თასსა და UEFA-ს კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 29 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, აღნიშნული 4 პენალტი რომ გაეტანა. ასევე, დიდი შანსია კარიერაში პირველად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, ბოსნიის ჩემპიონატში 21 მატჩში 14 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
CrystalSport-მა „სარაევოს'' მთავარ მწვრთნელ ზორან ზეკიჩთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც სრულად ქართველ ფეხბურთელს ეხება. იხილეთ:
მოლოდინებს აჭარბებს, ტოპ 5-ში ვხედავ| ინტერვიუ გულიაშვილის მწვრთნელთან