რაფინია დიასი
Aa Aa

რაფინიას გზა ოქროს ბურთის პრეტენდენტობამდე

თავის მე-18 დაბადების დღეზე, რაფინია ფლორიანოპოლისში, პატარა ოთახში მარტო იჯდა - არანაირი შეტყობინება, არანაირი ზარები, არანაირი შემოთავაზება.

ამ ასაკში ბრაზილიელი „ავაის“ 20-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების შემდეგ, შემადგენლობაში დაბრუნება ვერ შეძლო.

ამ ფაქტმა რაფინია სულიერად გატეხა და დანებების ზღვარზეც კი იყო. მან მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ სახლში დაბრუნებას აპირებდა. მამა წინააღმდეგი არ იყო, დედამ კი ამის უფლება არ მისცა: „თუ ახლა გაჩერდები, მოგიწევს ამასთან იცხოვრო დარჩენილი სიცოცხლე. ამისთვის მზად ხარ“? - უთხრა დედამ.

ეს მომენტი დამწყები ფეხბურთელისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დღეს კი რაფინია, რომელიც ფეხბურთიდან ლამის წავიდა, „ბარსელონას“ აღორძინების ცენტრშია, გოლები გააქვს და მოლოდინებს აჭარბებს.

რაფინია

რაფინიას გზა პორტუ-ალეგრიდან „ბარსელონას“ გასახდელამდე - ეს არის ამბავი გამძლეობის, დისციპლინისა და მუდმივი თვითგანვითარების შესახებ.

მისი ტრანსფორმაცია უმაღლეს შემსრულებლამდე - არა მხოლოდ ნიჭზეა დამოკიდებული. ეს არის მენტალიტეტი და წარმატების ურყევი სურვილი.

თუ ამ სეზონზე „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს 28 წლის რაფინიასთვის პირადი ტრიუმფიც გახდება, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს „განტევების ვაცად“ მოიაზრებოდა, როცა „ბარსელონა“ „ატლეტიკოდან“ ნიკო უილიამსის გადმობირებას ცდილობდა.

როგორ მოვიდა რაფინია აქამდე

რაფინია ბრაზილიის ფაველებისთვის დამახასიათებელ უმოწყალო და სასტიკ სიღარიბეში გაიზარდა. მამამისი იტალიელი ემიგრანტი იყო.

რაიონში, სადაც ძალადობა და ნარკოტიკებით ვაჭრობა ცხოვრების წესს წარმოადგენს, რაფაელ დიას ბელოლიმ ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ ფეხბურთი არა მხოლოდ იქედან გაღწევის გზა, არამედ ზოგადად, ერთადერთი გამოსავალი იყო.

ის ხედავდა, როგორ უხვევდნენ მისი ნიჭიერი მეგობრები სწორი გზიდან. მათგან განსხვავებით, რაფინიას ოჯახის მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით დედისა და ბიძის მხრიდან, რომლებიც მას მოუწოდებდნენ, რომ სპორტით დაკავებულიყო, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა.

„მე ბევრი მეგობარი დავკარგე დანაშაულების სამყაროში და ნარკოტიკების გამო. მეგობრები, რომლებიც ფეხბურთს ჩემზე 100-ჯერ უკეთესად თამაშობდნენ და შეეძლოთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ეთამაშათ“, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ბრაზილიელმა.

რაფინიას დედა ძალიან ბევრს შრომობდა, ოჯახი კი მსხვერპლზე მიდიოდა, რათა მისთვის ფეხბურთის ბუცები ეყიდა და ვარჯიშზე სასიარულო ხარჯები აენაზღაურებინა.

მისი საფეხბურთო განათლება გადარჩენასთან იყო დაკავშირებული - უფროს მეტოქეებთან ფეხშიშველა ქუჩაში თამაში რაფინიას ამტანობისა და ტექნიკური უნარების განვითარებაში ეხმარებოდა. ორივე მისი ყველაზე გამორჩეული თვისება გახდა.

თავდაპირველად რაფინიამ უარი ისეთი კლუბებისგან მიიღო, როგორებიცაა „ინტერნასიონალი“ და „გრემიო“, რადგან ისინი მას პროფესიონალური ფეხბურთისთვის ზედმეტად გამხდრად და მსუბუქად მიიჩნევდნენ.

მიუხედავად ამ წარუმატებლობებისა, უარყოფამ გააძლიერა მისი სული და აკვიატება, დაემტკიცებინა სხვებისთვის, რომ ისინი ცდებოდნენ.

საბოლოოდ, მან მიიღო შანსი „ავაიში“ - ეს იყო პატარა კლუბი, ახალგაზრდული სისტემით, სადაც ისწავლა, როგორ გამკლავებოდა თამაშის ფიზიკურ მხარეს, სანამ ბევრიდან პირველ კრიზისს შეეჯახებოდა.

ახალგაზრდულ გუნდში მიღებულმა სერიოზულმა ტრავმამ ის საქმეს ჩამოაშორა და მისი საფეხბურთო მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.

გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც დედამ ცალსახად შეახსენა, დანებება ნიშნავდა, რომ „ნამდვილი“ სამსახური უნდა ეპოვა.

ამ წუთიდან რაფინიას ერთგულება დისციპლინისა და თავგანწირვის მიმართ აბსოლუტური გახდა - მან ფეხბურთი აღიქვა არა როგორც გატაცება, არამედ როგორც უკეთესი ცხოვრების ერთადერთი გზა.

კავშირი რონალდინიოსთან

7 წლის ასაკში, რაფინია ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდის - რონალდინიოს დაბადების დღეზე აღმოჩნდა. ფეხბურთელის თქმით, მამამისი და ბიძამისი რონალდინიოს იცნობდნენ, რომელიც იმავე რაიონში დაიბადა და გაიზარდა, სადაც თავად რაფინია.

ფეხბურთელი ამ შეხვედრას დღემდე თბილად იხსენებს. მისი თქმით, რონალდინიო ყველა სტუმარს პირადად ეგებებოდა და აუცილებლად ეხუტებოდა. ახლა ის „ბარსას“ ლეგენდას თავის მეგობრად მიიჩნევს.

„როდესაც დამინახა, ჩამეხუტა და ხელში ამიყვანა. მე გავშეშდი. არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, მაგრამ მისი მომხიბვლელობა ყველაზე ცივ ბავშვსაც მოულბობდა გულს. ის ყველას არაჩვეულებრივად ექცევა, განსაკუთრებით კი ბავშვებს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო საუკეთესო დაბადების დღე, სადაც კი ვყოფილვარ“, - იხსენებს რაფინია.

რონალდინიო და რაფინია

მიუხედავად ამისა, რაფინიას კერპი სულ სხვა ფეხბურთელი იყო - ტიერი ანრი. პატარა რაფინია ფებურთის მატჩებს მამასთან ერთად, უფასო არხებზე უყურებდა: ის ანრის ტექნიკით აღფრთოვანებული იყო და ასევე ინგლისის პრემიერ ლიგის ატმოსფერო მოსწონდა. მაშინ რაფინიამ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ იქ ერთხელ თვითონაც ითამაშებდა.

გზა ევროპამდე და სწრაფი აღზევება

ბევრი ბრაზილიელი ვარსკვლავისგან განსხვავებით, რომლებიც დიდ კლუბებში ბრწყინავდნენ, რაფინიას ევროპაში თავის დამკვიდრება ფაქტობრივად ნულიდან მოუწია.

პორტუგალიაში, ჯერ „ვიტორიაში“, შემდეგ კი „სპორტინგში“ მან აჩვენა თავისი უნარი, რომ შეეძლო მცველები მოეტყუებინა და მომენტები შეექმნა, „რენში“ კი მან დაამტკიცა, რომ თამაშის შეცვლა შეუძლია.

რაფინია დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობდა და მისდა საბედნიეროდ, მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა ყველა მკაცრმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, რომელმაც ბრაზილიელი „ლიდსში“ გადაიყვანა და მისი განვითარება დააჩქარა. თუმცა მკაცრი და დაუნდობელი რეჟიმის ფონზე.

მარსელო ბიელსა და რაფინია

სწორედ „ლიდსში“ მან განავითარა განსაკუთრებული ფიზიკური ამტანობა, რამაც მისი ფეთქებადი სათამაშო სტილი მდგრადი გახადა, გააუმჯობესა მისი მოძრაობა ბურთის გარეშე და პრესინგის ინტენსივობა.

საბოლოოდ, რაფინიამ „ბარსელონას“ ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ბრაზილიელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - ის „ბლაუგრანას“ 2022 წელს შეუერთდა.

სხვა კლუბი, სხვა სირთულე

თავდაპირველად რაფინია ელიტურ კლუბში სირთულეებს განიცდიდა.

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი მასში უფრო გუნდის წევრს ხედავდა, ვიდრე ძირითადად მოთამაშეს და მაშინაც კი, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, სრულად იშვიათად თამაშობდა.

ფინანსური პრობლემების ფონზე კი, როდესაც „ბარსელონას“ მოთამაშეების ყიდვა გაუჭირდა, რაფინია ყველაზე დიდი აქტივი გახადა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გასულ ზაფხულს კატალონიური კლუბი ნიკო უილიამსის შეძენას ცდილობდა.

ჩავი და რაფინია

გარდა ამისა, ფოკუსი სხვაგან იყო მიმართული - ლამინ იამალი საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ის ფაქტობრივად შეუცვლელი გახდა.

კლუბში ჩატარებული 2 სეზონის განმავლობაში, რაფინია სათადარიგოთა სკამზე 11-ჯერ აღმოჩნდა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში 76 მატჩიდან მხოლოდ 42-ში მოხვდა.

„ბარსელონას“ გზავნილი ასე ჟღერდა: „შენი დაკარგვა არ გვინდა, მაგრამ ვფიქრობთ, უნდა წახვიდე“.

ჰანსი ფლიკის როლი

ჩავის გაშვებამ და „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნამ ყველაფერი შეცვალა.

გერმანელმა სპეციალისტმა რაფინიას დიდი როლი, მეტი თავდაჯერებით თამაშის საშუალება მისცა და მისი პოტენციალი გახსნა - ამის შემდეგ ბრაზილიელი ხელახლა დაიბადა, როგორც ფეხბურთელი.

ფლიკმა ყურადღება უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაფინიამ კი ამ ყველაფერს ალღო კარგად აუღო.

ფანსი ფლიკი და რაფინია

ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს საუკეთესო სეზონი აქვს: მას 42 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი და ასევე, მის ანგარიშზეა 21 ასისტი.

რაფინია „ბარსელონას“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა და სპორტული მედია მას „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ პრეტენდენტად ასახელებს.

მას კარგად ესმის, რა რთული იყო იქამდე მისვლა, სადაც ახლაა, რა ცვალებადი შეიძლება იყოს საფეხბურთო ცხოვრება და როგორ შეიძლება ყველაზე წარმატებული მომენტიდან სრულ უიღბლობაში აღმოჩნდე.

ამიტომაც რაფინია ყოველთვის თავს არიდებს ისეთ ფაქტორებს, რომლებმაც მას შეიძლება ყურადღება გაუფანტოს: მას არ აინტერესებს ღამის ცხოვრება და წვეულებები. რაფინიას ურჩევნია დრო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროს ან ვარჯიშზე კონცენტრირდეს. სწორედ ეს დისციპლინა დაეხმარა მას, მიეღწია ფიზიკური და გონებრივი პიკისთვის.

და ახლა, როდესაც მან ასეთ პიკს მიაღწია, რაფინიას ვეღარაფერი შეაჩერებს და თუ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე შორს წავა, ვერავინ იდავებს იმაზე, რომ ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.

რაფინია ბარსელონაში

გაზიარება: