ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თუ ვინმეს შეუძლია, ეს თოფურიაა“ | ვოლკანოვსკიმ მახაჩევისა და ილიას ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ვოლკმა“ „ელ მატადორის“ შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ჩამოწერა არ შეიძლება.

„მესმის, ისლამ მახაჩევის პოზიცია და ვხვდები, რატომ ამბობს, რომ ილიამ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს. თოფურია ორი წონითი დივიზიონის ქამრის მოპოვებას რომ ცდილობდეს, მეც ამ აზრზე ვიქნებოდი, მაგრამ მან ქვემსუბუქი წონის ტიტული ვაკანტური გახადა და თან, მსუბუქ წონაში, აშკარა ნომერ პირველი პრეტენდენტი არ ჩანს. ასე რომ, ვფიქრობ, მისთვის საჩემპიონო ორთაბრძოლის მიცემა სამართლიანი იქნება. ქამარი ვაკანტური რომ არ გაეხადა, მახაჩევის მოსაზრებას გავიზიარებდი და ვიტყოდი, რომ ტიტულისთვის ჩხუბი უნდა დაემსახურებინა.

როგორ წარიმართება მათი ორთაბრძოლა? ისლამი ძალიან რთულად დასამარცხებელი ბიჭია და ერთადერთი შანსი, რომ წააგოს, მისი დანოკაუტებაა. საკუთარ თავზეც იმავეს ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ ჩემი დამარცხების ერთადერთი შანსი დანოკაუტება და შეცდომაზე დაჭერა იყო.

ვფიქრობ, ერთადერთი გზა, რომ მახაჩევს მოუგო, მისი მომენტზე დაჭერა და ძლიერი დარტყმის განხორციელებაა. თუ ვინმეს მსგავსი რამ შეუძლია, ეს ილია თოფურიაა. მას სახიფათო ხელები აქვს და მისი ჩამოწერა არ შეიძლება. თოფურია გაწონასწორებული მებრძოლია. ჩხუბი მის სასარგებლოდ რომც არ მიმდინარეობდეს, მომენტის პოვნის მცდელობებს არც ერთი წამით შეწყვეტს. საბოლოოდ, ან თავის შანსს იპოვის ან არაფერი გამოუვა და დამარცხდება.

არ ვიცი, ისლამისნაირი მეტოქის წინააღმდეგ, მეოთხე და მეხუთე რაუნდში ენერგია როგორ ეყოფა, მაგრამ პირველ სამ რაუნდში, ილია მახაჩევისთვის ძალიან სახიფათო იქნება. მისი დარტყმების მიღება კარგი იდეა სულაც არაა და თუ ვინმეს ისლამის დაჭერა შეუძლია, ილია მათ შორისაა და შანსი ნამდვილად აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, თოფურიას მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. ერთ-ერთი ვარიანტი ჩარლზ ოლივეირა იყო, მაგრამ „დუ ბრონქსი“ „ელ მატადორთან“ დაპირისპირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ქართველი ჩემპიონის სტატუსით იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე