„კვარას „ბომბი“ 31 დეკემბერს აფეთქდა, ნაპოლის ქაოსი აქედან დაიწყო“
„ნაპოლი“ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კრიზისშია და საჩემპიონო შანსებს ნელ-ნელა შორდება. თუ, ანტონიო კონტე სიტუაციას მოკლე დროში რადიკალურად ვერ შეცვლის, „პარტენოპეის“ შესაძლოა მალე ოთხეულში მოხვედრაც პრობლემად ექცეს.
Sky-ის ჟურნალისტი ფრანჩესკო მოდუნო კონტეს გუნდის კრიზისზე საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ახსენებს.
„კვარაცხელიას ბომბი წლის ბოლოს, 31 დეკემბერს აფეთქდა. ნაპოლი დამდგარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ნეაპოლელებისთვის ეს საშინელი სიურპრიზი იყო. იმ მომენტამდე თვლიდნენ, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ქაოსი დაიწყო.
ნაპოლი მიხვდა, რომ კვარაცხელიას იმედი ვეღარ ექნებოდა. შემდეგ, კლუბს სატრანსფერო ბაზარზე ასევე მოულოდნელი სირთულეები შეექმნა. მათ ხვიჩას შემცვლელი ვერ იპოვეს. პარტენოპეიმ ისეთ ფეხბურთელებზე გაიწია, როგორიც მაგალითად გარნაჩო იყო. საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ, რადგან სატრანსფერო გეგმები ცუდად იყო შედგენილი. ყველაფერი ასე დაიწყო და რაც ახლა ხდება, პროცესის ლოგიკური განვითარებაა“.
- ამბობს მოდუნო.
კონტეს გუნდმა სერია A-ში ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 5-ჯერ ფრედ ითამაშა და 1-ჯერ დამარცხდა. ამჟამად ნეაპოლელები ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩებიან.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, „პარტენოპეი“ 30 მარტს შინ „მილანს“ დაუპირისპირდება.