გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ფორვარდი რომელიც მოლოდინს აჭარბებს | ინტერვიუ გულიაშვილის მწვრთნელთან

„სარაევოს’’ მთავარი მწვრთნელი ზორან ზეკიჩი CrystalSport-ს მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერისა და კაპიტნის, გიორგი გულიაშვილის შესახებ ვრცლად ესაუბრა.

2023 წლის ზამთარში, როცა „საბურთალოდან’’ „სარაევოში’’ გადავიდა, ტრანსფერს ბევრი ქართველი ქომაგი პესიმისტურად შეხვდა, თუმცა ამ სეზონში გულიაშვილის შთამბეჭდავი თამაში პესიმისტურად განწყობილებსაც ოპტიმიზმს უღვივებს, რადგან ქართველი ფეხბურთელის მიმართ ძლიერი ლიგებიდან და კლუბებიდან დიდი ინტერესია, რეალურია რომ ბოსნიური კლუბი ტრამპლინად გამოიყენოს.

ვილი სანიოლმა გულიაშვილი ეროვნულ ნაკრებში სომხეთთან მატჩებისთვის გამოიძახა და შესაძლო დებიუტის მოლოდინში ზორან ზეკიჩთან ინტერვიუმ მკითხველის ინტერესი უნდა დაიმსახუროს, 23 წლის ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია და მისი სახით სანიოლის სიაში მრავალმხრივი შემტევია ბრწყინვალე პიროვნული თვისებებით, რომელიც კლუბში ახალ როლში მოგვევლინა, ბოლო შვიდ მატჩში „სარაევოს'' გულიაშვილმა უკაპიტნა. ზეკიჩი ამ თემაზეც გვესაუბრა.

- მისტერ, გასულ ზაფხულში „სარაევოს’’ მთავარი მწვრთნელი გახდით. მას შემდეგ გიორგი გულიაშვილს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. გიორგის რა პიროვნული თვისებები დაგეხმარათ იმაში, რომ მასთან მუშაობა წარმატებული ყოფილიყო?

- გიორგის წარმატება დისციპლინის, მენტალიტეტისა და განვითარების ძლიერი სურვილის მუდმივად ქონის შედეგია. მას საოცარი შრომის ეთიკა აქვს და ყოველთვის, ვარჯიშსა თუ თამაშზე, ისწრაფვის თავისი შესაძლებლობების ზღვარი გადალახოს. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის მასთან მუშაობა ძალიან მარტივია, გისმენს, უკუკავშირზე სწრაფად რეაგირებს და ეს მის მოქმედებაში ჩანს, გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს.

- თქვენი შეფასებით, ზაფხულის შემდეგ რა თვისებები გააუმჯობესა? ასევე, სეზონის დასაწყისში გქონდათ მოლოდინი, რომ თავს ასე კარგად წარმოაჩენდა?

- ზაფხულის შემდეგ მისი პროგრესი საოცარია. პოზიციური თამაში, გადაწყვეტილების მიღება და დამასრულებელ ფაზაში მოქმედება გააუმჯობესა. გუნდის მთელ თამაშში უფრო მეტად ჩართულია, მხოლოდ გოლის გამტანი აღარ არის, არამედ ის არის მოთამაშე, რომელიც თანაგუნდელებისთვის საგოლე შანსებს ქმნის. ვიცოდი, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ მისმა განვითარებამ ჩემს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა.

- როგორც ბოსნიურ მედიასთან საუბარში აღნიშნეთ, თქვენ და გიორგი შეთანხმდით, რომ ზამთარში ტრანსფერი საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო. რა არგუმენტებითაა გამყარებული გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება?

- მთავარი მიზეზი მისი განვითარება იყო. გიორგი ისეთ გარემოშია, სადაც მუდმივად თამაშობს და როგორც მოთამაშე ზრდას განაგრძობს. შესაძლოა, ზამთარში ტრანსფერს მისი პროგრესი შეეჩერებინა.ორივე შევთანხმდით, რომ დარჩენა საშუალებას მისცემდა თამაში დაეხვეწა, მაღალ დონეზე თამაში გაეგრძელებინა და მომავლისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება გაეზარდა.

 

- გიორგიმ ამ სეზონში ზედიზედ ოთხი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (გასულ ტურში პენალტი ვასილიოს გორდეზიანმა დაარტყა და გაიტანა). თქვენ თქვით, რომ ეცდებოდით მისთვის პენალტის დარტყმა გესწავლებინათ. როგორ მიდის სწავლის პროცესი?

- პენალტის დარტყმა იმდენადვეა დამოკიდებული თავდაჯერებაზე, როგორც ტექნიკაზე. ჩვენ სხვადასხვა ასპექტებზე ვმუშაობთ - გაწონასწორებულობა, ბურთის სწორად მოთავსება და მეკარის მოძრაობების წაკითხვა. გიორგი ვითარდება და ეჭვი არ მეპარება, რომ  პენალტებს რეგულარულად გაიტანს.

- მას შეტევის თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. თქვენი აზრით, რომელ პოზიციაზეა ყველაზე საშიში და რა თვისებები აქცევს მცველებისთვის საშიშ მოთამაშედ?

- უნივერსალურობა დიდი უპირატესობაა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე მეტად საშიში მეორე ფორვარდის ან „ინსაიდ’’ ფორვარდის პოზიციაზეა. მისი უნარები, გამოიყენოს სივრცეები, სწრაფი დრიბლინგი განახორციელოს და შეტევა ბრწყინვალედ დაასრულოს, მეტოქეებისთვის მუდმივად საშიშ მოთამაშედ აქცევს. თამაშს კარგად კითხულობს და შეუძლია გოლის გატანის შესაძლებლობები არაფრიდან შექმნას, რაც მცველებისთვის არაპროგნოზირებად მოთამაშედ აქცევს.

- ამ სეზონში „სარაევოს’’ რამდენიმე კაპიტანი ჰყავდა, მიომირ ჯურიჩკოვიჩი და ნიდალ ჩელიკი გუნდიდან წავიდნენ. „სარაევოს’’ ბოლო შვიდ მატჩში გულიაშვილმა უკაპიტნა. რა თვისებებიდან გამომდინარე აირჩიეთ გუნდის კაპიტნად და როგორ შეაფასებთ მას ამ როლში?

- მაგალითის მიცემით ლიდერობს, მისი შრომის ეთიკა, თავდადება და გზა, რომლითაც თანაგუნდელებს მოტივაციას აძლევს, მას ბუნებრივად ირჩევს კაპიტნად. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თამაშისადმი დაღვინებული ფეხბურთელის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა აქვს. კაპიტნის როლი კარგად მოირგო, მოედანზე გაწონასწორებულობასა და ლიდერულ თვისებებს ავლენს.

- მისი პიროვნული და საფეხბურთო უნარების გათვალისწინებით, რა დონის ჩემპიონატში ხედავთ კარიერის პიკში? შესაძლოა, ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ერთ-ერთში ვიხილოთ?

- ვფიქრობ მას ტოპ 5 ლიგაში მოხვედრის პოტენციალი აქვს. მისი ტექნიკური უნარი, მენტალიტეტი და შრომის ეთიკა მიუთითებს, რომ უფრო მაღალ ლიგის ტურნირთან ადაპტირება შეუძლია. თუ პროგრესს გააგრძელებს და სწორ კარიერულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მას მომავალში ძლიერ ევროპულ ლიგაში ვხედავ.

„საბურთალოსგან'' (ამჟამინდელი „იბერია 1999'') განსხვავებით „სარაევოს'' ბევრი ერთგული ქომაგი ჰყავს, რომლებიც სტადიონზე საოცარ გარემოს ქმნიან. გიორგისთვის ბოსნიური კარიერა ამ მხრივაც საინტერესოა, რადგან ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ემოციური დამოკიდებულება კარგად შეიგრძნო.

მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა ჩემპიონატში, თასსა და UEFA-ს კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 29 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, აღნიშნული 4 პენალტი რომ გაეტანა. ასევე, დიდი შანსია კარიერაში პირველად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, ბოსნიის ჩემპიონატში 21 მატჩში 14 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მასალაში გამოყენებულია N1info.ba-სა და „სარაევოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია